დაუვიწყარი 18 ნოემბერი

0
75

 “წარსულის მოგონება ხვალინდელი დღის დასანახავადაა საჭირო. უნდა შეგეძლოს გაიხედო ხვალის მიღმა, ამისთვის კი საჭიროა წარსული გახსოვდეს”, – ქართული ფეხბურთის პატრიარქის ანდრო ჟორდანიას ეს სიტყვები კარგად შეეფერება თბილისის “დინამოს” მიერ 1964 წელს მოპოვებულ ტრიუმფს.
…ქართული სპორტისა და კერძოდ, ფეხბურთის ისტორიაში არა ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. შორს რომ არ წავიდეთ, გასული საუკუნის 70-80-იანი წლების გახსენებაც კმარა, როდესაც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანმა საკავშირო ჩემპიონობასა და ორჯერ თასის მოპოვებას, საერთაშორისო არენაზე დიდი გამარჯვებაც მიაყოლა. ამის მიუხედავად, გადაუჭარბებლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 1964 წლის 18 ნოემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია და არც ისაა შემთხვევითი, რომ იმ დღის ტრიუმფატორებს ქართველი საზოგადოება კვლავინდებურად “ოქროს ბიჭებად” მოიხსენიებს. ტაშკენტის მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენმა სათაყვანებელმა მსახიობმა და კომენტატორმა ეროსი მანჯგალაძემ რადიომიკროფონს ჩაჰყვირა: “ვართ, ვართ ჩემპიონები”, რითაც არა მარტო თბილისის “დინამოს” წინა თაობებისა და გულშემატკივრების ლამის ოცდაათწლიანი ოცნება გაახმოვანა, არამედ მთელ ქართველ ხალხს გამარჯვება მიულოცა.
1936 წლიდან მოყოლებული თბილისის “დინამო” საკავშირო პირველობასა და თასზე გამარჯვებასთან ახლოს არაერთხელ ყოფილა. ბორის პაიჭაძეს, გაიოზ ჯეჯელავას, ავთანდილ ღოღობერიძეს და მათ პარტნიორებს სანუკვარ მიზნამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდებოდათ, რომლის გადადგმასაც ხანდახან ობიექტური, უფრო ხშირად კი სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ. და აი, დადგა 1964 წელი. გუნდში ერთდროულად ათეულამდე უმაღლესი კლასის მოთამაშემ მოიყარა თავი. “დინამომ” დამაჯერებელი სტარტი აიღო, თუმცა, შემდეგ რამდენიმე მატჩი წარუმატებლად ჩაატარა, რამაც მწვრთნელის შეცვლა გამოიწვია. გავრიილ კაჩალინის დამრიგებლობით გუნდმა ისევ მოწინავე პოზიციაზე აინაცვლა. თბილისის “დინამომ” და მოსკოვის “ტორპედომ” საფინალო ხაზი თანაბარი რაოდენობის ქულებით გადაკვეთეს და ჩემპიონის გამოსავლენად მათ შორის ტაშკენტში 18 ნოემბერს გადათამაშება დაინიშნა.
ლატვიელმა არბიტრმა რუბენისმა მინდორზე ფეხბურთელებს უხმო. “დინამომ” თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. პირველი ტაიმი ნერვიულად წარიმართა. არც თბილისელ და არც ტორპედოელ ფეხბურთელებს გამოცდილება არ აკლდათ, თუმცა, ასეთი დონის მატჩში მონაწილეობას პირველად იღებდნენ და ეს ფაქტორი მათ ასპარეზობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა. შესვენები შემდეგ მოსკოველებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს, რამაც, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა გამოიყურებოდეს, ქართველებს დაძაბულობა მოუხსნა და თამაშმა “ტორპედოს” კართან გადაინაცვლა. ტაშკენტში სპეციალურად ამ მატჩზე დასასწრებად ჩასული რამდენიმე ათასი ქართველი გულშემატკივრის გასახარად ანგარიში ილია დათუნაშვილის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ გათანაბრდა. ბურთმა ტორპედოელთა გოლკიპერისთვის გაუგებარი ტრაექტორია მოხაზა და მოსკოველთა კარის შორეულ კუთხეშიც აბზრიალდა. შეხვედრის ძირითად დროში ანგარიში არ შეცვლილა, დამატებით დროში კი ტორპედოელები ქართველთა თამაშის ფონზე უსუსურად გამოიყურებოდნენ. თბილისელებმა კიდევ სამჯერ დალაშქრეს “ტორპედოს” კარი (დათუნაშვილი, მესხი, მეტრეველი) და საკავშირო პირველობის მოპოვებით ბედნიერებმა ტაშკენტის სტადიონის სარბენ ბილიკს საპატიო წრე დაარტყეს…