…დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ თასების თასის 1981 წლის ფინალის ძირითადი დრო იწურებოდა, როცა დათო ყიფიანმა შეტევის საუკეთესო გაგრძელება აირჩია და ბურთი ვიტალი დარასელიას მიაწოდა. ვიტალიმ “კარლ ცაისის” მცველები მოხდენილი საფეხბურთო ილეთებით გააბრუა, ეფექტური დარტყმით ბურთის მოგერიების შანსი არც გოლკიპერ ჰანს ულრიხ გრაპენტინს დაუტოვა და ბედნიერ თანაგუნდელთა გარემოცვაში მოჰყვა.
… ოჩამჩირეში გაზრდილ ვიტალი დარასელიას, ერთი შეხედვით, ყველაფერი იოლად გამოსდიოდა და თბილისის “დინამოშიც” თითქოს ადვილად იპოვა თავისი ადგილი, რომელიც დღემდე ვერავინ დაიკავა, მაგრამ მიღწეულის უკან ტიტანური შრომა და მიზნისკენ დაუოკებელი სწრაფვა რომ იდგა, ამას რიგითი მაყურებელი თუ არა, გუნდის მწვრთნელები და ფეხბურთელები ხომ მშვენივრად ხედავდნენ. ვიტალი დარასელია სულით ხორცამდე პროფესიონალი იყო, რაც ნათლად დადასტურდა “დინამოს” მთავარ მწვრთნელად ნოდარ ახალკაცის დანიშვნის შემდეგაც. მანამდე ვიტალი მარჯვენა ფორვარდად თამაშობდა და სლავა მეტრეველსაც ადარებდნენ, ახალკაცმა კი იგი პირველხარისხოვან ნახევარმცველად შეიცნო. დარასელია დამრიგებლის სურვილსა და მითითებებს უსიტყვოდ დაჰყვა, სათამაშო პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებულ სირთულეებს არ შეეპუა და რამდენიმე თვეში “დინამოს” ერთ-ერთ წამყვან შუახაზელად იქცა. ვიტალი მოკლე ხანში ფიზიკურად მძლავრ, მობილურ მოთამაშედ იქცა. საფეხბურთო თვისებებს, უზადო ტექნიკის მიუხედავად, ვიტალი დარასელია ყოველწლიურად უფრო და უფრო ხვეწდა. დღემდე იშვიათად წავაწყდებით ფეხბურთელს, რომელსაც დარასელიასნაირი დრიბლინგის შესრულება შეეძლოს, ორივე ფეხით ხელეწიფებოდეს უზუსტესი დარტყმის თუ გადაცემის გაკეთება.
შვიდი წლის განმავლობაში იცავდა ვიტალი დარასელია თბილისის “დინამოს” ღირსებას და მისი ყოველივე გამოჩენა მინდორზე საფეხბურთო ზეიმი იყო. დიუსელდორფის ფინალის გარდა, უამრავი სათამაშო ეპიზოდისა თუ მატჩის გახსენება შეგვიძლია, რომლებშიც ჩვენი სათაყვანებელი მეექვსე ნომრის ეფექტურმა, გუნდისთვის უაღრესად სასარგებლო თამაშმა მოგვხიბლა.
საუბედუროდ, სპორტის ქართველ ქომაგთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილიც ვიტალი დარასელიას სახელს უკავშირდება. თავი კი იმით უნდა ვინუგეშოთ, მან ისეთი სახელი დატოვა, რომელიც უკვდავებაშია გადასული.
ვიტალი დარასელიამ იმდენი მოასწრო, მოსაგონარს რა გამოლევს, ჩვენ კი დავით ყიფიანის სიტყვებით დავასრულოთ: “საოცარი კაცი იყო, არავის ჰგავდა. თავისი ოსტატობით შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა. მშვენივრად ერკვეოდა მონდორზე შექმნილ სიტუაციებში და როდესაც არ თამაშობდა, მაშინ უფრო იგრძნობოდა, რამხელა მოცულობის სამუშაოს ასრულებდა. ვაი, რომ 25 წლისა გამოგვაკლდა”…