1976 წლის 3 სექტემბერი თბილისის „დინამოს“ ბიოგრაფიაში სამუდამოდ შევიდა. ამ დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანმა რამდენიმე თაობის ფეხბურთელთა და გულშემატკივართა ოცნება რეალობად აქცია – გუნდი საკავშირო თასს დაეუფლა. დინამოელები ამ პრიზის გათამაშების პირველსავე წელს ფინალში იყვნენ, მას შემდეგ გადამწყვეტ მატჩში კიდევ ოთხჯერ გააღწიეს, მაგრამ ობიექტურ და უფრო სუბიექტურ მიზეზთა გამო საბოლოო წარმატების მიღწევა ვერ ხერხდებოდა. ამჯერად კი მიზანს მივაღწიეთ – მოსკოვის „ლუჟნიკის“ არენაზე თბილისელებმა დამაჯერებელი, ლამაზ სტილით პრინციპულ მეტოქეს, ერევნის „არარატს“ 3:0 მოუგეს და საკავშირო თასზე ჩვენი „დინამოს“ სახელიც ამოიტვირფა.
ფინალის წინ ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა განაცხადა: „დინამო“ შემტევი ფეხბურთისთვისაა განწყობილი, ფეხბურთელები შერჩეულ გეგმას განახორციელებენ: სამი ფორვარდის გარდა, ნახევარმცველებმაც უნდა განავითარონ შემტევი ოპერაციები. გამარჯვების მოტანა მხოლოდ აგრესიულ ფეხბურთს შეუძლია“.
დინამოელთა სტრატეგიამ გაამართლა – ჩვენებმა „არარატის“ პირველი სახიფათო იერიში მოიგერიეს და მყარად იგდეს ხელთ თამაშის სადავეები. 27–ე წუთზე რევაზ ჩელებაძის ჩაწოდებას დავით ყიფიანი „გამოეხმაურა“, მაღალ ნახტომში ბურთს თავით შესწვდა და ზუსტად გადაგზავნა მეტოქის კარის ბადეში. ტაიმის დასრულებამდე „დინამო“ დომინირებდა, შესვენების შემდეგ „არარატმა“ გაიბრძოლა, მაგრამ ქართველები მალე კვლავინდებურად დაეუფლნენ ინიციატივას. 64–ე წუთზე მეტოქის საჯარიმო მოედანზე შეჭრილი ვლადიმერ გუცაევის შეჩერება მცველებმა მხოლოდ სარმით შეძლეს, ფირუზ კანთელაძემ კი დაბალ კუთხეში აუღებელი პენალტი შეასრულა, რასაც ჩელებაძის მესამე გოლი და დამაჯერებელი გამარჯვება მოჰყვა – 3:0.
ფინალში დინამოელთაგან დავით გოგიამ, ნოდარ ხიზანიშვილმა, ფირუზ კანთელაძემ, შოთა ხინჩაგაშვილმა, ზორბეგ ებრალიძემ, ალექსანდრე ჩივაძემ, მანუჩარ მაჩაიძემ, რევაზ ჩელებაძემ, ვლადიმერ გუცაევმა, დავით ყიფიანმა, ვახტანგ კოპალეიშვილმა, ზურაბ წერეთელმა ითამაშეს.
ეს ერთი და სხვა მრავალი – ამ სიტყვებით შეეგებნენ ქართველი ქომაგები საკავშირო თასის პირველად დაუფლებას და მათ ოცნებას ასრულება ელოდა – თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობაც და თასიც ხელმეორედ მოიპოვა, 1981 წელს კი ჩვენების ტრიუმფული სვლის დაგვირგვინება თასების თასის ფინალი გახდა!