
ესპანეთის ჩემპიონატისთვის გუნდები აქტიურ მზადებას შეუდგნენ. ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ამჯერადაც გიორგი შერმადინის „ტენერიფესთან“. თუ პირველი შეხვედრა ტენერიფელთა გამარჯვებით დასრულდა, მეორეში კი „გრან კანარიამ“ 76:73 იყოჩაღა.
გამარჯვებაში 11-ქულიანი წვლილი შეიტანა ბექა ბურჯანაძემ. მის გუნდში მეტი მხოლოდ მეტ კოსტელოს ჰქონდა – 12 ქულა.
მასპინძელთა რიგებში ბომბარდირობა არავის დაუთმო გიორგი შერმადინმა. მან მატჩი 16 ქულით დაასრულა.
ნამატჩევს მისი კომენტარი ასეთი იყო: „ნებისმიერი ასეთი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. გვეხმარება ფორმაში შესვლასა და სათამაშო სქემების დახვეწაში. სასიამოვნოა, რომ საწყის ტესტებში „გრან კანარიას“ სახით სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს. ეს კიდევ უფრო დაგვეხმარება სეზონისთვის სრულყოფილად მომზადებაში“.
