BBC Scotland-ის ინფორმაციით, რვა ერის ტურნირში იაპონიას საქართველო შეცვლის. ამავეს ამტკიცებს ირლანდიური RTÉ Sport…
BBC Scotland-ის ტომ ინგლიში წერს, რომ იაპონიის ნაკრებს, რომელიც Covid-19 -ის რეგულაციების გამო, ევროპულ ტურნირზე თამაში ძალიან გაუჭირდება, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები შეცვლის. იაპონია იმ ჯგუფში იყო ნაგულისხმევი, რომელშიც საფრანგეთი, იტალია და შოტლანდია თამაშობენ. ამასთან, ბრიტანული წყარო ადასტურებს, რომ “ბორჯღალოსნების” 24 ოქტომბრის მატჩი შოტლანდიასთან “მარიფილდზე” ასევე ძალაში რჩება. ასე რომ, “ბორჯღალოსნებს” შანსი აქვთ, რომ წლეულს სკოტებს ორჯერ ეთამაშონ.
რვა ერის მეორე ჯგუფში უელსი, ირლანდია, ინგლისი და ფიჯი ითამაშებენ. მატჩები ამ ტურნირზე 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე გაიმართება. გუნდები ჯგუფებში 3-3 მატჩს ითამაშებენ, ბოლოს კი იმ ნაკრებს შეხვდებიან, რომლებიც მეორე ჯგუფში ანალოგიურ ადგილზე გავლენ.
BBC Sport ინგლისის რაგბის კავშირის შეფს, ბილ სვინის დაუკავშირდა: “ვიცი, რომ იაპონელებს Covid-19-ის რეგულაციების გამო, პრობლემები ჰქონდათ. ეს პრობლემები დღევანდელ მსოფლიოში ყველას გვაქვს. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, თუ ისინი მაინც შეძლებენ ტურნირში ჩართვას, თუ არადა, ალტერნატიული ვარიანტები გვაქვს. იდეალურ ვარიანტში, ჩვენი სურვილია, რომ ტურნირში რვა ნაკრები დარჩეს”.
