მოთამაშეთა განვითარების ლიგაში დინამო და ცხუმ-აფხაზეთი ლიდერობენ

0
29

მოთამაშეთა განვითარების ლიგაში მე-3 ტური ჩატარდა, რის შემდეგაც ჯგუფებში ფავორიტები კიდევ უფრო გამოიკვეთნენ. დაუმარცხებელი დარჩა 2 გუნდი – დინამო და ცხუმ-აფხაზეთი. მგზავრებმა დღეს პირველი მარცხი საკალათბურთო კლუბ ოლიმპთან განიცადა. 

ქუთაისი-კაკტუსი        81:60

ქუთაისელებმა განვითარების ლიგისთვის საინტერესო შემადგენლობა შეკრიბეს. ეს „კაკტუსთან“ მატჩშიც გამოჩნდა. გამარჯვებაში 17-ქულიანი წვლილი შეიტანა გამთამაშებელმა ლუკა მაზიაშვილმა. 16 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ტარიელ არაბულს, ხოლო ნიკოლოზ სოსელიამ 15 ქულა ჩააგდო.

„კაკტუსის“ ბომბარდირობა სამმა კალათბურთელმა გაიყო: ვალერი შურღაიამ, ბექა ლომაშვილმა და ირაკლი გლუნჩაძემ 11-11 ქულას მოუყარეს თავი.

ტიტები-ვერა      64:61

დაძაბულ ბრძილაში „ტიტებმა“ „ვერას“ სამი ქულის სხვაობით აჯობა. ბოლო წუთს გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ – 59:59. გადამწყვეტი ლაშა დოლიძის ორქულიანი და ნიკა გურგენიძის ორი ზუსტი საჯარიმო აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც „ტიტები“ „ვერასთვის“ მიუწვდომელი აღმოჩნდა. 20 ქულით მატჩის ბომბარდირი „ტიტების“ კალათბურთელი სანდრო ჯორბენაძე გახდა. „ვერაში“ ყველაზე მეტი გიორგი ცხოვრებოვმა ჩააგდო – 13 ქულა.

ბათუმი-რუსთავი           96:98

საოცარი ფინალი ჰქონდა „ბათუმისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირებას. საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ზღვისპირელები 96:91-ს იგებდნენ. დარჩენილ დროში რუსთაველებმა მეტისმეტი სიზუსტე გამოავლინეს, ჯერ ზურაბ ვაშაკიძემ ჩააგდო სამქულიანი, შემდეგ – გუგა პატაშურმა ორქულიანი, მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე კი ვახტანგ გაფრინდაშვილმა ორქულიანით რუსთაველებს გამარჯვება მოუტანა. ბათუმელმა გიორგი დეკანოიძემ 18 ქულა ჩააგდო, ხოლო დაჩი დვალაძემ – 15. „რუსთავში“ 24 ქულა ჰქონდა გუგა პატაშურს, 17 ქულა და 9 პასი – ვახტანგ გაფრინდაშვილს, 16 – ზურაბ ვაშაკიძეს, ხოლო ანზორ ნადირაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა: 22 ქულა, 12 მოხსნა.

 

თსუ-დინამო      61:88

დინამოელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და საბოლოოდ დამაჯერებლადაც მოიგეს. მწვრთნელმა ჟულივეტ ტუჯანმა დაასვენა ლიდერი ლუკა ბულაშვილი. მის არყოფნაში მატჩის ბომბარდირი ვლადიმერ თავაქარაშვილი გახდა (21 ქულა), ირაკლი კილაძეს 15 ქულა ჰქონდა.

თსუ-ს ლიდერობა წინახაზელმა არჩილ პულუზაშვილმა გასწია, რომელმაც 20 ქულას 8 მოხსნა მიამატა.

 

ოლიმპი-მგზავრები       92:77

„ოლიმპმა“ განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმი ჩაატარა და ერთი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ. შეგახსენებთ, რომ „ბ“ ჯგუფში ორი გამსვლელი ადგილისთვის ოთხი გუნდი იბრძვის – „ოლიმპი“, „რუსთავი“, „მგზავრები“ და „დინამო“. პირველ ორს თითო წაგება აქვს, დინამოელები ჯერაც დაუმარცხებლები არიან.

„ოლიმპის“ გამარჯვება ლუკა კალატოზიშვილის ეფექტურმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც 18 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე – 21 ქულა, 11 პასი, 7 მოხსნა.

ხვალ, 21 აგვისტოს, ოლიმპიურ სასახლეში მე-4 ტურის 5 მატჩი გაიმართება