თბილისში 26 მარტს გასამართი ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის კორონავირუსის გამო შესაძლოა გადაიდოს და ან მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შემდეგი განაცხადა:
„ჩვენი პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო – ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ღიად ვთქვით, რომ ან ვთამაშობთ მაყურებლით ან საქართველო-ბელარუსის მატჩი არ უნდა ჩატარდეს, რადგან მაყურებლის გარეშე შეხვედრის ჩატარება ჩვენთვის მიუღებელია.
გულშემატკივრის ჯანმრთელობაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს, თუმცა ასევე უნდა ვიფიქროთ მოთამაშეებზეც. მითუმეტეს, ნაკრების დონეზე, როდესაც დიდი დროის განმავლობაში ათასეული კილომეტრები უნდა იფრინო და სხვა ქვეყნებიდან ჩამოხვიდე.
სამშაბათს უეფა ვიდეო-კონფერენციას აკეთებს, სადაც 55 ქვეყნის წარმოამდგენელი შეიკრიბება. ჩემთვის წარმოუდგენელია და წარმოუდგენელი იყო დღეების წინაც, რომ ეს მატჩი ჩატარებულიყო – არანაირი საფუძველი არ იყო იმის, რომ ფეხბურთელები ამ მატჩს ასეთი პირობებში მზად შეხვდებოდნენ, გავიდოდნენ მოედანზე და მაქსიმუმს გააკეთებდნენ.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს მატჩი არ ჩატარდება, მაგრამ თუ მაინც გადაწყდება მატჩის ჩატარება, ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივარი სტადიონზე იყოს”.
UEFA კორონავირუსისა და ევროტურნირების შესახებ 17 მარტს იმსჯელებს. ვიდეოკონფერნეციაში მონაწილეობას UEFA-ს წევრი 55-ივე ქვეყნის 55 წარმომადგენელი მიიღებს.
