შენგელიას მიჯრით მეორე MVP-ის ტიტული

0
29

ზედიზედ მეორედ, ბასკონიამ ევროლიგაში გერმანული გუნდი დაამარცხა. ორივე შეხვედრის MVP ქართველი ფორვარდი გახდა. თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ბასკონიელებმა 2 დღის წინ ძლეულ “ბაიერნს” პარასკევს “ალბაც” მიაყოლეს და ევროლიგის პლეი ოფში გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს.

ბერლინის ალბასთან 28-ე ტურის შეხვედრა ვიტორიაში გაიმართა და დრამატულ ბრძოლაში, მასპინძელთა გამარჯვებით – 73:72 დასრულდა. მთლიანად მატჩის და განსაკუთრებით ბოლო წუთის გმირები საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია და ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი – მეტ ჯენინგი გახდნენ.

შენგელიამ 34:26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 24 ქულას, 7 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი. შენგელიამ 13-დან 8 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო სროლა ჩააგდო. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიას კაპიტანი მატჩის MVP გახდა. ბასკონია მესამე პერიოდში 16 ქულას აგებდა, თუმცა გუნდმა სხვაობა აღმოფხვრა და მეოთხე პერიოდში სიტუაცია დაიძაბა.

მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე შენგელიამ ზუსტი გარღვევით ანგარიში გაათანაბრა – 70:70. შემდეგ იყო ალბას 2 ზუსტი საჯარიმო, ბასკონიელი პიერია ანრის უშედეგო შეტევა, რასაც ალბელი მარტინ ჰერმანსონის აცილებული სამიანი მოყვა. მატჩის დასრულებამდე 10 წამი რჩებოდა, ალბა 72:70 იგებდა, როცა ბასკონიელებმა მოედანი გადალახეს, ანრიმ ბურთი ჯენინგს მიაწოდა და ამ უკანასკნელმა სამქულიანით მასპინძლები წინ გაიყვანა.

მატჩის დასრულებამდე 3 წამი დარჩა. ალბას შეხვედრის მოგების შანსი მაინც მიეცა, თუმცა საჯარიმოში შენგელიამ მეტოქეს ეფექტურად დაუფარა და მატჩიც დასრულდა. ევროლიგის ცხრილში ძალიან სიმჭიდროვეა. ბასკონიელებს, ისევე როგორც ჟალგირისს, ოლიმპიაკოსს, ვალენსიას და მილანს, 12 მოგება და 16 მარცხი აქვთ და მე-13 ადგილზე იმყოფებიან, თუმცა 7-8 ადგილებზე განლაგებულ ხიმკის და ფენერბაჰჩეს 14-14 მოგება გააჩნიათ. პლეი ოფში 8 საუკეთესო გადის და შესაბამისად, დარჩენილ 6 ტურში რა მოხდება, კაცმა არ იცის.

შემდეგ მატჩს ბასკონია 12 მარტს, თელ ავივში გამართავს, თუმცა კორონავირუსული საფრთხის გამო, ეს მატჩში, შესაძლოა, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართოს.