შალვა მამუკაშვილი “ლესთერ თაიგერსში”

0
93

ბორჯღალოსანმა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, ინგლისის პრემიერშიფის ‘ლესტერ ტაიგერსთან’ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 29 წლის მორაგბე ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება.

ქართველმა კვაჭმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება მომავალი სეზონის დაწყებას და მზადაა კლუბისთვის 100%-ით დაიხარჯოს:

„ეს შესანიშნავი კლუბია მდიდარი ისტორიით და უდიდესი წარმატებებით. მოხარული ვარ, რომ ასეთი დონის გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. მოტივაცია არ მაკლია, მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას და ახალი გუნდისთვის 100%-ით დავიხარჯები. ‘ლესტერში’ თამაში ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იქნება“.

„ვეფხვები“ ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ის 1880 წელს დაარსდა და ერთ-ერთია იმ ოთხ კლუბს შორის, რომელიც პრემიერშიფიდან არასდროს გავარდნილა. პრემიერშიფი 1987 წელს დაარსდა და ‘ლესტერ ტაიგერსმა’ ის ყველაზე ბევრჯერ, 10-ჯერ მოიგო, ორჯერ კი ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა.

გასულ სეზონამდე გუნდი მუდამ ხვდებოდა მოწინავე ექვსეულში და შესაბამისად, ჩემპიონთა თასის (და მისი წინამორბედი „ჰეინეკენის თასის) მუდმივი მონაწილე იყო. აი გასული სეზონი გუნდს აშკარად ჩაუვარდა, მხოლოდ ბოლოსწინა მე-11 ადგილს დასჯერდა და წელს პირველად გამოდის ჩელენჯ ქაფზე. გუნდს საქმეები არც ამ სეზონში მისდის კარგად და კვლავ მე-11 ადგილზეა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობის გაძლიერება განიზრახა და მამუკაშვილის გარდა, ‘მონპელიედან’ ნემანი ნადოლოსაც იმატებს.

‘ტაიგერსის’ მთავარი მწვრთნელი ჯორდან მერფი მამუკაშვილის შეძენით კმაყოფილია და ამბობს:

„ეს უნიკალური შენაძენია. შალვა გამოცდილი მოთამაშეა და ჩვენს პირველ ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. გუნდი მუდამ მზადაა ლიდერების შესახვედრად და დარწმუნებულები ვართ, მამუკაშვილი კიდევ ერთი საერთაშორისო მოთამაშე გახდება, რომელიც წარმატებული ისტორიის შექმნაში დაგვეხმარება. ვერავინ შეძლებს 70-ზე მეტი საერთაშორისო შეხვედრის ჩატარებას ხარისხიანი უნარების გარეშე. ამისათვის აუცილებელია დაუღალავი შრომა, მოტივაცია და პროფესიონალიზმი და შალვასთან შეხვედრისას ჩვენ ეს ყველაფერი დავინახეთ“ – ასე დაახასიათა მამუკაშვილი ‘ტაიგერსის’ მთავარმა მწვრთნელმა ჯორდან მერფიმ, თუმცა ახალი სეზონიდან მამუკაშვილს ახალ მწვრთნელთან მოუწევს მუშაობა:

„მომავალი სეზონიდან ‘ლესტერს’ ახალი მთავარი მწვრთნელი, სტივ ბორტვიკი ეყოლება. როგორც ვიცი გუნდი ძირითად ბირთვს შეინარჩუნებს და რამდენიმე ახალ მორაგბესაც იმატებს. მქონდა საუბარი გუნდის ხელმძღვანელობასთან და მწვრთნელებთან. მათი მიზანია, რომ გუნდმა მომავალ სეზონში ფლეი ოფი ითამაშოს“ – ამბობს მამუკაშვილი.

29 წლის მამუკაშვილი ერთადერთი ქართველი მორაგბეა, რომელსაც ევროპის ოთხივე წამყვან ჩემპიონატში უთამაშია. 2014/2015 წლების სეზონში ის პრემიერშიფის ‘სეილ შარქსის’ ღირსებას იცავდა, მომდევნო სეზონი პრო 14-ის შოტლანდიურ გუნდს ‘გლაზგო უორიორსში’ გაატარა, მერე საფრანგეთის ტოპ 14-ის კლუბების – ‘მონპელიესა’ და ‘ტულონის’ ღირსებას იცავდა, ბოლოს კი პრო დე2-ის ‘კარკასონში’ თამაშობდა.

„ტოპ 14 ფიზიკურად უფრო რთული სათამაშოა, ვიდრე პრემიერშიფი და პრო 14. პრემიერშიფში, ‘სეილ შარქსში’ 6 წლის წინ ვთამაშობდი და თავიდან ყველაფერი კარგად წამივიდა, სათამაშო დროითაც’ კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მერე მუხლის ტრავმა მივიღე და ოპერაცია გავიკეთე. ამის გამო ჩემთვის ის სეზონი ნაადრევად, თებერვალში დასრულდა. ვიმედოვნებ, რომ ახლა მსგავსი პრობლემები არ შემექმნება. კარგად ვიცი, რომ ასეთი დონის გუნდში დიდი კონკურენცია იქნება, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვარ და ვეცდები მოედანზე დიდი დრო გავატარო“ – იმედიანადაა მამუკაშვილი.

ამჟამად ის მშობლიური კლუბისთვის, ბოლნისის ‘ყოჩებისთვის’ ირჯება. წლის დასაწყისში მისი სამედიცინო ჯოკრად დამატების სურვილი ტოპ 14-ის ლიდერ ‘ბორდოს’ სურდა, თუმცა ბოლო მომენტში ქართველმა კვაჭმა უარი განაცხადა. მას ბორჯღალოსნების კვართით 73 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე და ჯამში 9 ლელო აქვს გატანილი.

„‘ბორდოსთან’ ყველაფერი შეთანხმებული მქონდა და სამედიცინო ჯოკერის სტატუსით იქ სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე უნდა მეთამაშა, მაგრამ პირადი მოსაზრებების გამო, საქართველოში ვარჩიე დარჩენა. ‘ლესტერ ტაიგერსთან’ მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მქონდა საუბარი, მაგრამ მაშინ შეთანხმება არ მოხერხდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ ‘ტაიგერსიდან’ ისევ დამიკავშირდნენ და 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ახალ გუნდს ივლისიდან შევუერთდები და ვეცდები გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო“ – იხსენებს ფრანგულ და ინგლისურ კლუბებთან მოლაპარაკებებს მამუკაშვილი.