სომხეთი, ესტონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველოს მეტოქეები ერთა ლიგის მორიგ გათამაშებაში

0
61

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. უეფას წლის ერთერთ მთავარ ღონისძიებაზე, სპეციალური მიწვევით იმყოფებოდნენ ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელები.

საქართველოდან ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ასპარეზობის უფლება 2018-2019 წლების სეზონში D1 ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლით მოიპოვა. გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი ამსტერდამში გამართულ წილისყრის ცერემონიაზე C ლიგის პირველ კალათაში მოხვდა. წილისყრის შედეგად კი, გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020-2021 წლების სეზონში C2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიისესტონეთისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ნიდერლანდების დედაქალაქში გამართული წილისყრა საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეაფასეს:
ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტი: ერთა ლიგის შესახებ მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო. ვთვლი, რომ ახალმა გათამაშებამ სანაკრებო ფეხბურთი უფრო საინტერესო გახადა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ტურნირი სპორტული კუთხით არის საინტერესო. ის სხვადასხვა დივიზიონებში მოასპარეზე გუნდებს საშუალებას აძლევს, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვდნენ. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთა ლიგამ ჩაანაცვლა ამხანაგური მატჩები და ამის შედეგად თითოეულმა შეხვედრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
პირველი გათამაშების შემდეგ, როგორც ჩვენი ჯგუფის გამარჯვებულები მომავალ სეზონში C დივიზიონში ვიასპარეზებთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ფაქტია, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ დღევანდელ წილისყრაზე C დივიზიონის პირველ კალათაში ვიყავით განთესილი. ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო ჯგუფში მოვხვდით, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ კარგი მატჩები გველის. ჩვენი მიზანი უცვლელია და საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს. ამ გზით კი, ჩვენ შევეცდებით, რომ იმ ორ საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ.

ალექსანდრე იაშვილი – სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენი ნაკრებისთვის ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს პირველმა გათამაშებამ ძალიან კარგად აჩვენა, რადგან ჩვენ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ და 26 მარტს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. აქედან გამომდინარე ერთა ლიგას ნამდვილად დადებითად შევაფასებ.
​რაც შეეხება წილისყრას და ჩვენს ჯგუფს, რა თქმა უნდა, მიზანი უცვლელია და სურვილი გვაქვს, რომ წინა გათამაშების მსგავსად ჯგუფი ამჯერადაც მოვიგოთ. ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ ნამდვილად საინტერესო მატჩები გველის.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ეს ჯგუფი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ. ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსები აქვს. ჩვენ ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, ასევე კარგად ვიცნობთ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც იმედი მაქვს, რომ ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით. სომხეთი ასევე კარგი გუნდია. ამ დონეზე ადვილი მატჩები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა მხოლოდ მარტზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

2020-2021 წლების სეზონის უეფას ერთა ლიგის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის სექტემბრ-ნოემბერში გაიმართება. გათამაშების სრული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი. C ლიგის ჯგუფების პირველ ადგილზე გასული ნაკრებები B ლიგის საგზურს მიიღებენ, მეოთხე ადგილზე გასული კი, ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან და ამ გზით გაარკვევნ თუ ვინ გააგრძელებს მომავალ სეზონში C ლიგაში ასპარეზობას.