საგურამოში, „ლოკომოტივის“ საფეხბურთო ბაზაზე სეზონისწინა პრესკონფერენცია გაიმართა და კლუბმა ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – ლევან კორღალიძემ სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მე მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო დასკვნითი, ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება, რომელიც თურქეთში გავიარეთ. კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ ნაყოფიერი გამოდგა. ბევრ რამეზე ვიმუშავეთ; ვეცადეთ, დაგვეხვეწა ბევრი კომპონენტი. ჩვენი მიზანია, მივუახლოვდეთ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ამ ზაფხულს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გველოდება.
ჩვენ, თურქეთში გამართულ ტესტ-მატჩებში საერთაშორისო გამოცდილებაც მივიღეთ. ეს გუნდს მხოლოდ წაადგება და ვფიქრობ, იმაზე ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ვიყავით.
თუმცა, მანამდე, რა თქმა უნდა, ეროვნული ლიგა გვაქვს სათამაშო და ახლა, მოცემულ მომენტში ინტენსიურად ვემზადებით პირველი ტურის მატჩისთვის, რომელიც კვირას, „სამტრედიასთან“ გვექნება.
ჩემს ფეხბურთელებს ერთი მიზანი დავუსახე: უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და ყველა მომდევნო თამაშში გავიმარჯვოთ. მაქსიმალურად შევეცდებით ამის გაკეთებას და დანარჩენი, დეკემბერში გამოჩნდება, რისთვის გვიბრძოლია.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც „ლოკომოტივიდან“ წავიდნენ. გასულ სეზონში, ჩვენს მიერ მიღწეული წარმატებები მათი დიდი დამსახურებაცაა“ – განაცხადა კორღალიძემ.
მთავარი ნიუსი ლევან კორღალიძე: ჩვენი მიზანი ყველა მომდევნო თამაშში გამარჯვებაა