30 წელი დაარსებიდან – უეფას წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას

0
52

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სახელით უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინიმ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 30 წლის იუბილე მიულოცა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს,
ლევან კობიაშვილს
ძვირფასო ლევან, ძვირფასო მეგობრებო,

უეფა-ს სახელით ვულოცავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მასთან დაკავშირებულ ყველა პირს 30 წლის იუბილეს. მას შემდეგ, რაც სფფ 1990 წლის თებერვალში დაარსდა და მოგვიანებით უეფა-ს რიგებს შეუერთდა, ის მუდმივად მხარს უჭერს ევროპული ფეხბურთის განვითარებას.

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე საქართველო არაერთი გამორჩეული ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, ხოლო 2015 წელს ქვეყანამ ძალზე წარმატებით უმასპინძლა უეფა-ს სუპერთასის ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ მატჩს.

ჩვენთვის ასევე შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომლითაც სფფ ყველა დონეზე ხელს უწყობს ფეხბურთის განვითარებას. 2017 წელს თქვენ წარმატებით უმასპინძლეთ უეფა-ს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, სადაც საქართველოსა და ჩეხეთს შორის შეხვედრას 25,000 გულშემატკივარი დაესწრო.

მიმდინარე წლის ზაფხულში ახლა უკვე 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი მოექცევა ყურადღების ცენტრში. ეს ტურნირი ასევე ჩატარდება საქართველოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც მასობრივ, ისე პროფესიულ დონეზე ქალთა ფეხბურთის განვითარებას.

აღნიშნული ტურნირის მატჩებს ქვეყნის სამი რეგიონი უმასპინძლებს, რაც უეფა-ს დაფინანსებითა და სფფ-ის ორგანიზებით განხორციელებული პროექტების მემკვიდრეობას კიდევ უფრო ფართო მასშტაბით უზრუნველყოფს და ფინალურ ტურნირთან დაკავშირებით ქალთა ფეხბურთის პროფილს აამაღლებს.

უეფა-ს ქალთა ფეხბურთის განვითარების პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით უკვე განვითარდა საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი. ასევე მნიშვნელოვანი იყო საკლუბო ლიცენზირების პროცესის დანერგვა, რის შედეგადაც თითოეულ კლუბს მომავალში სულ ცოტა ერთი ასაკობრივი გუნდი ეყოლება.

ახალგაზრდულ ფეხბურთში ინვესტიციის ჩადებით სფფ უზრუნველყოფს ქართული ფეხბურთის მომავალს როგორც კაცებს, ისე ქალებს შორის.

ამავდროულად, თქვენ მომავალი თაობებისთვის უზრუნველყოფთ საუკეთესო პირობებს, რათა მათ შეისწავლონ ფეხბურთი. უეფა-ს „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით სფფ-მ ააშენა საფეხბურთო აკადემია, სადაც მწვრთნელების მიერ შერჩეული, 14-იდან 17-წლამდე ასაკის 100 ბავშვი უფასოდ გაივლის მომზადებას.

თქვენ ასევე გსურთ, რომ საზოგადოების ყველა წევრს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მისცეთ. საქართველო პროექტის „ფეხბურთი სკოლებში“ ერთ-ერთი პირველი მონაწილე იყო. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მასობრივი ფეხბურთის კულტურის დანერგვას და განვითარებას. მისი მეშვეობით თქვენ გაამყარებთ თქვენს ურთიერთობებს რეგიონალურ ასოციაციებთან, მუნიციპალიტეტებთან, სკოლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რითაც საბოლოო ჯამში ფეხბურთში ჩართული ყველა ადამიანი ისარგებლებს.

ჩვენთვის სასიხარულოა ისიც, რომ სფფ დიდ ყურადღებას უთმობს განათლებას. უეფა-ს აკადემიის მეშვეობით თქვენი ფედერაციის 21 თანამშრომელს უკვე წარმატებით აქვს გავლილი ისეთი პროგრამები, როგორიცაა უეფა-ს სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში და უეფა-ს დიპლომი ფეხბურთის მენეჯმენტსა და ხელმძღვანელობაში. აღნიშნული კურსებიდან მოპოვებული ცოდნა თქვენ დაგეხმარებათ ქართულ ფეხბურთში ჩართულ პირთა გადამზადებაში, რაც აუცილებელია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის.

სფფ-ის მიერ გაწეულ სამუშაოს უკვე მოჰყვა შედეგები. თქვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ჩინებულად იასპარეზა უეფა-ს ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში, სადაც მან თავისი შესარჩევი ჯგუფი მოიგო, პლეი-ოფში გავიდა და ახლა მხოლოდ ორ მატჩი აშორებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატიდან.

მსურს წარმატება ვუსურვო სფფ-ს და მადლობა გადავუხადო თითოეულ მის თანამშრომელს მათი მუდმივი თავდადებისა და ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენს რეგიონში ფეხბურთის განვითარებასა და შემდეგი თაობებისთვის ფეხბურთის მომავლის უზრუნველყოფაზე არის მიმართული.

გილოცავთ იუბილეს და წარმატებას გისურვებთ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში.

პატივისცემით,
ალექსანდერ ჩეფერინი
უეფა-ს პრეზიდენტი