თორნიკე შენგელიას 20 ქულა “ბასკონიას” მძიმე მარცხის ფონზე

0
35

მცირე პაუზის შემდეგ თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში ისევ ითამაშა 20-ქულიანი მატჩი, თუმცა მისი გუნდი მაინც უშანსოდ დამარცხდა, თანაც საკუთარ არენაზე. ბასკონიელებმა ვიტორიაში თურქულ “ეფესს” უმასპინძლეს და 77:102 წააგეს.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 35:44 წუთი გაატარა, რაც ორივე გუნდის რიგებში უმეტესი მაჩვენებელი იყო.

თორნიკეს საბოლოო მონაგარი 20 ქულა, ერთი მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა იყო. ქართველმა ლეგიონერმა 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ეს, ბასკონიელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ესპანური გუნდის მხრიდან 16-16 ქულა მიითვალეს ნიკ სტაუსკასმა და შევონ შილდსმა, “ანადოლუ ეფესის” მხრიდან კი კვლავაც შეუდარებელი იყო “ბასკონიას” ყოფილი წევრი შეინ ლარკინი, რომელმაც გასულ ტურში მიუნხენის “ბაიერნთან” 49 ქულა მიითვალა, ამჯერად კი, 24 ქულას 8 პასი წაამატა.

“ბასკონიას” 5 მოგება და 7 წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეცხრე-მეცამეტე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 12 დეკემბერს, ბელგრადში, სწორედ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ცრვენა ზვეზდასთან” ჩაატარებს.