სამხრეთ აფრიკასთან მეორედაც დავმარცხდით

0
50

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკასთან 19-წლამდელთა სერიის მეორე მატჩიც ერთი გარდასახული ლელოს სხვაობით დათმეს.

სამი დღის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 14 მორაგბე შეცვალეს. ჩვენს გუნდს თამაშში ჩართვა გაუჭირდა, ხშირი იყო შეცდომები, რამდენჯერმე დაიკარგა ბურთი, რითაც გამოცდილმა მეტოქემ კარგად ისარგებლა და 20 წუთში სამი ლელო გაიტანა – 0:19.

მერე აფრიკელებმა სინბინით ვერნერ ხოუვსი დაკარგეს და კაცნაკლულ მეტოქეს ლელო გავუტანეთ – მოლის შემდეგ ხაზმა თამაში ააჩქარა, ბურთი მარცხენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და ის ალამთან ლევან ქუშაშვილმა დაამიწა, ხოლო სანდრო მარგიანმა გარდასახა. განახლდა თუ არა თამაში კიდევ ერთი შეცდომა დავუშვით, ბურთი მეტოქეს გადავაბარეთ და სწრაფი ლელო მივიღეთ. მალე თორნიკე ზაქარიაძე უხეში თამაშისთვის წითელი ბარათით დაისაჯა, თუმცა ტაიმის მიწურულს ლელო კვლავ მასპინძლებმა გაიტანეს – მორკინალებით რამდენიმე დარტყმის შემდეგ, სანდრო მარგიანმა ბურთი ფრთაზე ფეხით გადაკიდა, ლუკა ხეხელაშვილმა მეტოქეს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ტაიმი 12:26 დასრულდა.

შესვენებისას ჩვენს შემადგენლობაში ერთბაშად 10 ცვლილება მოხდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს მცირედი უპირატესობის მოპოვება, მაგრამ ტაიმის შუაში 5-წუთიანი ჩავარდნა გვქონდა და სამხრეთ აფრიკამ კონტრშეტევებზე ორი გარდასახული ლელო გაიტანა.

დასკვნითი 20 წუთი უმცროსი ბორჯღალოსნების იყო და მათ სამი ლელოს გატანა მოახერხეს, მეტისთვის კი დრო აღარ ეყოთ. 64-ე წუთზე ილია მაისურაძის შეგირდებმა ფაზები აკინძეს, ყველა ჯერზე მოახერხეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, ბოლო დარტყმა კი იოანე იაშაღაშვილმა განახორციელა და ლაშა ლომიძემ გარდასახა – 19:40.

72-ე წუთზე მასპინძლებმა მეტოქე მათსავე 22-ში წნეხში მოაქციეს, შეცდომა დააშვებინეს, გიორგი მარგალიტაძემ ბურთი მოიპოვა და ლელო გაიტანა, ხოლო ლომიძემ გარდასახა. მატჩის მიწურულს კიდევ ერთი ლამაზი ლელო გავიდა, თემურ კოხოძემ ფეხით გადაკიდებული ბურთისთვის მეტოქეს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო ლომიძემ გარდასახვით სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა. აქ მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა გაისმა და ისე, როგორც ერთი კვირის წინ, სტუმრებმა ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში, 40:33 მოიგეს.

ორმატჩიანი სერიით კმაყოფილი დარჩა უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი:

„ჩვენი მიზანი იყო, რომ ყველასთვის მიგვეცა საშუალება ეჩვენებინა თავისი შესაძლებლობები და სასტარტო შემადგენლობა თითქმის სრულად შევცვალეთ. ანგარიში თავად მეტყველებს იმაზე, რომ დაცვაში პრობლემები გვქონდა და ამ კუთხით ბევრი გვაქვს სამუშაო. მთლიანობაში, ამ ორ თამაშს დადებითად შევაფესებ, რადგან დაგვანახა სად გვაქვს პრობლემები და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი მომდევნო შეკრებებზე“.

მიუხედავად მარცხისა, განვლილ თამაშებს დადებითად აფასევს ლაშა ლომიძე:

„შეკრება ორი კვირის წინ დავიწყეთ და ფიზმომზადებასთან ერთად, გვქონდა ტაქტიკური მომზადება. გვქონდა ორი შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან და ორივე დაძაბულ ბრძოლაში დავთმეთ, თუმცა დავინახეთ, რომ ამ მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. დიდი მადლობა სამხრეთ აფრიკას, რომელმაც დაგვაფასა და ჩვენთან სათამაშოდ ჩამოვიდა“.

უმცროსი ბორჯღალოსნები მომდევნო მოსამზადებელ თამაშებს თებერვალში, საფრანგეთში გამართავენ.

U19 საერთაშორისო სერია. მეორე მატჩი
5 დეკემბერი. შევარდენი. 1000 მაყურებელი
საქართველო – სამხრეთ აფრიკა 33:40

საქართველო: 15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გივი ცინცაძე (არმაზი), 11. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), 10. სანდრო მარგიანი (აკადემია), 9. გუგა მარგველაშვილი (აია); 1. გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი, 1), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები), 4. ვაჟა მაისურაძე (ლელო-სარასენსი), 5. ლუკა ივანიშვილი (ჯიქი, კაპ.), 6. ლუკა კოხია (არმაზი), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 8. დავით ლომიძე (ხარები).
მარქაფა: 16. გუგა ტაბატაძე (ლელო-სარასენსი), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ნიკა ნარმანია (არმაზი), 19. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი), 20. გიორგი სინაურიძე (აია), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), 22. ლუკა მატკავა (არმაზი), 23. ლაშა ლომიძე (აია), 24. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 25. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 26. თემო ჭიჭინაძე (ორიაკი), 27. იოანე იაშაღაშვილი (ბეიონი), 28. საბა კურტანიძე (ხვამლი), 29. საბა კურატაშვილი (არმაზი).

5 ლელო: ქუშაშვილი, ხეხელაშვილი, იაშაღაშვილი, მარგალიტაძე, კოხოძე
4 გარდასახვა: მარგიანი, ლომიძე (3)