ტუხელი: „ვერ გამიგია ამდენ შეცდომას რატომ ვუშვებთ“

0
3

ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელისთვის გაუგებარია თუ რატომ უშვებენ მისი ფეხბურთელები ამდენ შეცდომას. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების A ლიგის მე-3 ჯგუფში „უემბლიზე“ ესპანეთთან 2:3 მარცხის მერე განაცხადა.
„ჩვენ ყველაზე უიღბლო დასაწყისი გვქონდა ისეთ გუნდთან როგორიც ესპანეთია, რომელსაც თამაშის კონტროლი უყვარს. ამ ფაქტმა ჩვენი თავდაჯერება ცოტა შეარყია, რაც ნორმალურია. ჩვენ ორი სერიოზული შეცდომა დავუშვით და კიდევ ორი საუცხოო საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, ამას გავუმკლავდით და თამაშში თანდათან შევედით. ძალიან გაბედულად ვთამაშობდით, ბურთს არ ვკარგავდით, ბურთთან უფრო და უფრო უკეთესად ვმუშაობდით, შესაბამისად მეტ საგოლე მომენტებს ვქმნიდით. ჩვენს შორის განსხვავება ის იყო, რომ მეტოქე მოედნის ბოლო მესამედში უფრო ცივსისხლიანად და დამაჯერებლად მოქმედებდა.
სამწუხაროდ, მორიგი ტექნიკური შეცდომა ძვირად დაგვიჯდა და ინიციატივა კვლავ დავიბრუნეთ. გოლი თამაშიდან გავუშვით, თუმცა თავის უკეთესად დაცვა გვმართებდა. ვერ გამიგია ამდენ შეცდომას რატომ ვუშვებთ. რა თქმა უნდა, საუკეთესო გუნდებს ვეთამაშებით, მაგრამ ეს ძალიან ხშირად ხდება და ძალიან მაღალ დონეზე გვსჯიან“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს Sky Sports.
განვლილი შეხვედრის მე-2 წუთზე ინგლისელი მცველის უხეში შეცდომის შემდეგ, ანგარიში მეკარესთან პირისპირ გასულმა ლამინ იამალმა გახსნა. 36-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში გორდონმა გაათანაბრა. მე-40 წუთზე კეინის თავურის შემდეგ, ბურთი კუკურელიას მოხვდა და კარში აღმოჩნდა.
54-ე წუთზე კეინმა პენალტი დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. მე-60 წუთზე ესპანელებიდან თავი ბაენამ გამოიჩინა. 74-ე წუთზე მეკარესთან მარტო აღმოჩენილმა ოიარსაბალმა ესპანეთი წინ გაიყვანა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
ლაშა თაბაგარი