ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების A ლიგის მე-3 ტურში სტუმრად ინგლისთან 3:2 გამარჯვების შემდეგ, ლუის დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ გულშემატკივრებმა ნახეს ესპანეთი, რომელიც გარდაიქმნება.
„ეს გუნდი ამბიციით სავსეა და მიღწეულზე გაჩერება არ სურს. იყო მომენტები, როდესაც მოთმენა და ინგლისელი მოთამაშეების ოსტატობასთან დაპირისპირება მოგვიწია, მაგრამ ვფიქრობ ვნახეთ ესპანეთი, რომელიც გარდაიქმნება.
შესვენებაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ 5-6 წუთის გამოკლებით, მატჩის მსვლელობას მთლიანად ვაკონტროლებდით და საუცხოო მომენტებს ვქმნიდით. უბრალოდ, მოედანზე იმავე განწყობით უნდა გავსულიყავით.
გვესმოდა, რომ შესაძლოა ჩვენს მიერ ბურთის დაკარგვის გამო მეტოქეს შანსი გასჩენოდა, მაგრამ გუნდი ასეთ ვითარებაში ძალიან ცივსისხლიანად და მოწიფულად მოქმედებს. ჩვენ ვეცდებით მომავალშიც ვაჩვენოთ, რომ ეს გუნდი არასოდეს ნებდება“ – იუწყება ესპანელთა მთავარი მწვრთნელის ნათქვამს გამოცემა „მარკა“.
განვლილი შეხვედრის მე-2 წუთზე ინგლისელი მცველის უხეში შეცდომის შემდეგ, ანგარიში მეკარესთან პირისპირ გასულმა ლამინ იამალმა გახსნა. 36-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში გორდონმა გაათანაბრა. მე-40 წუთზე კეინის თავურის შემდეგ, ბურთი კუკურელიას მოხვდა და კარში აღმოჩნდა.
54-ე წუთზე კეინმა პენალტი დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. მე-60 წუთზე ესპანელებიდან თავი ბაენამ გამოიჩინა. 74-ე წუთზე მეკარესთან მარტო აღმოჩენილმა ოიარსაბალმა ესპანეთი წინ გაიყვანა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. ესპანეთის ნაკრებს ზედიზედ 39 თამაში არ წაუგია.
ლაშა თაბაგარი





