საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სოციალური ქსელით, პირდაპირი ჩართვის მიმდინარეობისას, რამდენიმე საინტერესო თემის ირგვლივ ისაუბრა.
ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია რაც მახსოვს. ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის, ფორმატი რაც ჩვენ შევქმენით, წარმატებულად მუშაობს.
“ჩიხურასა” და ბათუმის “დინამო” შემდგომი ემოციები გასაგებია. ჩემთვის მიუღებელი იყო ის განცხადებები, რაც დინამო ბათუმის მხრიდან გაკეთდა და ამაზე უკვე ვისაუბრე. არ ვამბობ, რომ კლუბს რაიმეს თქმის ან კრიტიკის უფლება არ აქვს, მაგრამ ამისთვის ჩარჩოებია საჭირო. მათ განცხადებებში რამდენიმე შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო, რაც არ არის სწორი, თუმცა მესმის მათი ასეთი განცხადებების მიზეზი და ამაზეც ვისაუბრე, რომ რეაგირება იქნება.
რაც შეეხება გიორგი კიკაჩეიშვილს, ის შეცდა როდესაც პენალტი არ დანიშნა. მსაჯის მიერ გაწეული სამუშაო ფასდება ქულებით. თუ დაბალი ქულით შეფასდება შეიძლება ერთი ან ორი ტური გამოტოვოს. შეიძლება ქვედა ლიგაში იმსაჯოს, რაც მათთვის ხელფასის კლებას ნიშნავს. ეს არის მიღებული ფორმა და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ორივე შემთხვევაში, როგორც კლუბის მიმართ, ამოქმედდება უკვე შესაბამისი დაჯარიმების მეთოდი.
ფეხბურთელებიც ხშირად ცდებიან, მაგრამ რატომღაც მხოლოდ მსაჯის შეცდომები აღიქმება, როგორც გამიზნული. როდესაც ვამბობთ, რომ მსაჯმა მიზანმიმართულად დაჩაგრა გუნდი, მაშინ ფაქტებიც უნდა წარმოვადგინოთ. თუ ეს ფაქტები არ გვაქვს, არ შეიძლება ასე უბრალოდ არბიტრის დადანაშაულება, რადგან ეს აზარალებს ქართული ფეხბურთის იმიჯს. პროტესტი და კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.
რაც შეეხება მოედნის საფარს კატასტროფულ მდგომარეობაშია და საჩხერეში დაწყებულია სამუშაოები, რომ მომდევნო სეზონიდან ეს საკითხი მოგვარებული იყოს. მაგრამ ფაქტია, იმ მინდორზე არა მარტო ბათუმის “დინამომ”, არამედ საჩხერის “ჩიხურამაც” და სხვა გუნდებმაც ითამაშეს. ბათუმელთა ჩაგვრაზე დაუსაბუთებელი ლაპარაკი მიუღებელია.
საქართველო-ბელარუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ. თუმცა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, სტადიონი უნდა იყოს მზად ამ მატჩის მისაღებად. მე გამიხარდება თუ ეს მატჩი ამ ულამაზეს სტადიონზე გაიმართება.
რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის მომავალს: მას მოქმედი კონტრაქტი აქვს. მიმაჩნია, რომ მისი მუშაობა დამაკმაყოფილებელია. ცხადია, შედეგის მიხედვით მეტი გვსურს, მაგრამ საერთო ჯამში ვაისის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. დღევანდელი მოცემულობით ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხი არ დგას.
