დასრულდა ევროპის 15-წლამდელთა ლიგის პირველი წრე, რომელსაც ლატვიის დედაქალაქმა რიგამ უმასპინძლა. ტურნირში ქართული კლუბების გამორჩეული მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდი “საქართველო 2005” მონაწილეობს, რომელმაც რიგაში 5 მატჩი გამართა და 4 გამარჯვება მოიპოვა. ევროპის ლიგაში ქართული გუნდები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროგრამის ფარგლებში მონაწილეობენ. პროგრამის მიზანია, პერსპექტიულმა და საინტერესო გაქანების მქონე მოზარდებმა საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ და კიდევ უფრო დაიხვეწონ. ასევე, პროგრამა კარგი საშუალებაა ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის, რომლებიც ევროპულ გუნდებთან პაექრობით დიდ გამოცდილებას შეიძენენ.
ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა “საქართველო 2005”-მა რიგაში დღეს ერთი მატჩი გამართა, როთაც პირველი წრე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს ქართველებმა რუსული კლუბები – დინამო და ზენიტი დაამარცხეს, ხოლო გუშინ ოლიმპიეცს სძლიეს და მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდნენ. დასკვნითი მატჩი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს პოლონურ “კომაროვთან” გამართა და 90:39 გაანადგურა.
პოლონელებთან მატჩში 15 ქულით და 14 მოხსნით ანრი ბელთაძე გამოირჩა. 15-15 ქულა მიითვალეს ილია ჭავჭანიძემ და თენგო გოგიშვილმა. გოგიშვილი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა. ამის ნიშნად გოგიშვილმა დაჯილდოვების ცერემონიალზე სპეციალური პრიზი მიიღო. რიგაში გამართული პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი – ირაკლი ტომარაძე დასახელდა.
საქართველომ რიგაში საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი კი ცსკა-ს ერგო.
ევროპის 15-წლამდელთა ლიგის მეორე წრის 5 შეხვედრა 17-19 იანვარს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართება. მთლიანობაში, ევროპის ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 3 წრეა და თითო გუნდს ჯამში 15-15 მატჩის გამართვა უწევს. რეგულარულის ბოლოს, საუკეთესო გუნდები ჩემპიონობისთვის სუპერფინალში ეჯიბრებიან.
ევროპის 14-წლამდელთა ლიგაში რამდენიმე დღეში ჩაერთვება “საქართველო 2006”, რომელსაც ირაკლი ჩერქეზიშვილი წვრთნის. 14-წლამდელები 24-26 ოქტომბერს პირველი წრის 5 მატჩს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ითამაშებენ. ქართველების მეტოქეები 3 რუსული გუნდი – ცენტრალნაია, ადმირალტეისკაია და გლორია, ასევე ლატვიური სპარსი და ესტონური TTU იქნებიან.
1. | ცსკა რუსეთი | 5 | 4 | 1 | 9 | 333/187 | 146 | 66.6/37.4 |
2. | საქართველო 2005 | 5 | 4 | 1 | 9 | 327/244 | 83 | 65.4/48.8 |
3. | DSN რიგა | 5 | 4 | 1 | 9 | 315/244 | 71 | 63.0/48.8 |
4. | ოლიმპიეცი რუსეთი | 5 | 2 | 3 | 7 | 282/276 | 6 | 56.4/55.2 |
5. | დინამო მოსკოვი | 5 | 2 | 3 | 7 | 228/275 | -47 | 45.6/55.0 |
6. | ვალმიერა ლატვია | 5 | 2 | 3 | 7 | 225/280 | -55 | 45.0/56.0 |
7. | ზენიტი რუსეთი | 5 | 2 | 3 | 7 | 252/310 | -58 | 50.4/62.0 |
8. | კომაროვი პოლონეთი | 5 | 0 | 5 | 5 | 204/350 | -146 | 40.8/70.0 |