ბორჯღალოსნებმა 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასი ერთი მოგებით და ჯგუფში მე-4 ადგილით დაასრულეს. დასკვნით შეხვედრაში, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ, ჩვენმა გუნდმა დაცვაში 75 წუთი საიმედოდ ითამაშა, თუმცა ბოლოს ორი ლელო გაუშვა – 8:27.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მილტონ ჰეიგმა ყურადღება სწორედ დაცვაში კარგ თამაშზე გაამახვილა:
„20 წუთში დაახლოებით 111 ბოჭვა გავაკეთეთ და ვგრძნობდით, რომ ეს მეორე ტაიმში გუნდზე აისახებოდა. შესვენების შემდეგ ყველა შესაბამისად განწყობილი იყო. მეორე ტაიმში გვინდოდა ამ ტალღას ავყოლოდით და სირთულეებისთვის თავი დაგვეღწია. გვქონდა რამდენიმე შესაძლებლობა, თუმცა სტატიკაში ვერ ვივარგეთ და ამან წნეხი მოგვიმატა. 75 წუთამდე უცვლელი იყო ანგარიში და მერე მათ დამაგვირგვინებელი ორი ლელო დადეს, რაც გულდასაწყვეტია. თუმცა დაცვაში ბიჭებმა საოცრად ითამაშეს და ეს ჩვენს არსს ასახავს, ეს ჩვენი ხასიათია, ბოლომდე ვიბრძვით. ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ“.
ჰეიგს კითხეს, რას იტყოდა ავსტრალიის ნაკრებზე იმის ფონზე, რომ ავსტრალიურ მედიაში ჩვენი გუნდის მიმართ აგდებული დამოკიდებულება შეინიშნებოდა:
„ის დამოკიდებულება, რომელიც ავსტრალიურმა მედიამ გამოიჩინა, შეიძლება ითქვას, რომ აგდებული და უპატივცემულო იყო. ავსტრალია ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც გაუმჯობესებული სტატიკა, დერეფანი და მოლი აქვთ. მთლიანობაში ძალიან კარგი შერკინება აქვთ. ამ კომპონენტებს, რომ შეხედოთ, გაითვალისწინოთ იმ მოთამაშეების კლასი, რომლებიც მათ ყავთ და ზოგადად, ამ შეხვედრას რომ შევხედოთ როგორც თიერ1-ისა თიერ2-ის დაპირისპირებას, მიმაჩნია, რომ კარგად ვითამაშეთ“.
„ამაყი ვარ, ბოლომდე ვიბრძოლეთ“
შედეგით უკმაყოფილო იყო, თუმცა დაცვაში თამაშით კმაყოფილი გუნდის კაპიტანიმერაბ შარიქაძე:
„მიმაჩნია, რომ კარგად ვიბრძოლეთ და დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. თუმცა ამ თამაშში შეტევა ჩვენს კარგ მხარედ ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს და სტატიკაშიც როგორც გვინდოდა ისე არ წავიდა საქმე. მაგრამ მე ამაყი ვარ გუნდით, იმიტომ რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ძალიან ცუდია, რომ ბოლოში მიყოლებით ორი ლელო მივიღეთ. ესაა სწორედ სხვაობა ძალიან კარგ გუნდებსა და არც თუ ისე კარგ გუნდებს შორის. ამ ეტაპზე ესაა სხვაობა ავსტრალიასა და ჩვენს შორის. ისინი მუდამ ძლიერ გუნდებს ეთამაშებიან და მათ შეასრულეს რაც სურდათ. თუმცა მე კვლავ ამაყი ვარ იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. იმედი მაქვს, მომავალში უკეთ ვითამაშებთ და საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება“.
შარიქაძეს მეტოქის შერკინებისა და განსაკუთრებით დერეფანში თამაშის შეფასება სთხოვეს, სადაც მეტოქემ 5 ჩვენი მოწოდება მოიგო:
„ავსტრალია ძალიან ძლიერი გუნდია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანალიზის უნარი აქვს. შეგვისწავლეს და იცოდნენ რის გაკეთებას ვაპირებდით, ხოლო შერკინებებს რაც შეეხება – როგორც გუშინ მილტონმა განაცხადა – მათ შერკინებაში თამაშს მნიშვნელოვნად მოუმატეს. ავსტრალია ნამდვილად არ იყვნენ შერკინების მხრივ საუკეთესო გუნდი, თუმცა ახლა მიმაჩნია, რომ ამ კომპონენტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მათ ეს გააუმჯობესეს, ახლა ჩვენც უნდა გავაუმჯობესოთ და როდესაც შემდეგ მსოფლიოზე კვლავ შევხვდებით, ბევრად უნდა გავურთულოთ საქმე და უკეთესი თამაში შევთავაზოთ“.
პრესკონფერენციის დასასრულს შარიქაძემ სიტყვა ითხოვა და სამედიცინო ჯგუფს, ასევე მილტონ ჰეიგს მადლობა გადაუხადა:
„მინდა მადლობა გადავუხადო ჯედ მაკნამარას და საიმონ პოუპს, რომლებმაც ტრავმის შემდეგ ფეხზე დამაყენეს. ისეთი ტრავმა იყო, რომ მალე დაბრუნება შეუძლებელი ჩანდა და მათი ძალისხმევით მსოფლიო თასზე სამი მატჩის ჩატარება შევძელი“.
„მინდა კიდევ ერთი რამ ვთქვა – როგორც იცით, დღეს მილტონ ჰეიგს ბოლო მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში – მილტონს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მან უამრავი რამ გააკეთა ქართული რაგბისთვის, მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში. მადლობა მილტონ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთე და შენ რომ არა, მე აქ არ ვიჯდებოდი“.
„ძლიერი მხარეები ვერ გამოვიყენეთ“
დავით კაჭარავა მიიჩნევს, რომ ბორჯღალოსნებს ამ თამაშის მოგების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ძლიერი მხარეები ვერ გამოიყენეს:
„მთლიანობაში, შედეგით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ, ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა. მაგრამ ვერ გამოვიყენეთ ჩვენი ძლიერი მხარეები შერკინებაში, მოლსა და დერეფანში. ძალიან ბევრი ბურთი დავთმეთ და შანსები ვერ გამოვიყენეთ. თუ ავსტრალიას და მის მსგავს გუნდებს ბურთს დაუთმობ, მათთან კონკურენცია გაგიჭირდება“.
„მიზნის მიღწევას 4 წლის შემდეგ ვეცდებით“
თამაშის შეფასებისას ბურთის არქონაზე ამახვილებს ყურადღებას შალვა მამუკაშვილი და იმედოვნებს, რომ გუნდი დასახული მიზნის მიღწევას 4 წლის შემდეგ მოახერხებს:
„მთელი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმი დასკვნით 5 წუთამდე, დაძაბული იყო. დაცვაში 200-ზე მეტი ბოჭვა შევასრულეთ, თუმცა შეტევაში ბურთი სულ 3 თუ 4 წუთი გვქონდა და მარცხი ამან განაპირობა. ეს ტურნირის ბოლო მატჩი იყო და ვერ ვიტყვი, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან მინიმუმ ორი თამაშის მოგებას ვგეგმავდით. ახლა ნაკრებს რამდენიმე მორაგბე დატოვებს, გარკვეული დროის შემდეგ ახალი მოთამაშეები დაგვემატებიან და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაუმჯობესებისთვის ვიმუშავებთ, რათა დასახულ მიზანს საფრანგეთში მივაღწიოთ“.
გიორგი თხილაიშვილმა მადლობა გადაუხადა მილტონ ჰეიგს და დასძინა:
„ჰეიგმა ქართული რაგბის განვითარებისთვის უდიდესი სამუშაო გაწია და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, ყველა წარმატება მას უკავშირდება“.
