ლიგა ენდესას მესამე ტურში გიორგი შერმადინის “იბეროსტარი” ტენერიფეში 71:76 დამარცხდა “რეალთან”. “იბეროსტარი” ტოლ-სწორად ეთამაშა მრისხანე მეტოქეს, რომელმაც მეოთხე მეოთხედი უკეთ ჩაატარა და გაიმარჯვა.
ქართველი ცენტრი შესანიშნავად გაისარჯა: 29:56 წუთში 20 ქულა (12-დან 9 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ის ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო და მარგი ქმედების 26-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
გიორგის თანაგუნდელებმა სათანადოდ ვერ აუბეს მხარი – მის შემდეგ 8-8 ქულით ყველაზე შედეგიანები სანტიაგო იუსტა და კაილ სინგლერი იყვნენ. მადრიდელთაგან 19 ქულით სერხიო ლული გამოირჩა.
ტენერიფულ გუნდს ერთადერთი მოგება აქვს და 12 ოქტომბერს “მომბუსს” უმასპინძლებს.