„მფრინავმა ფიჯელებმა“ დასკვნით 20 წუთში ოთხი უპასუხო ლელო გაიტანეს და 2019 წლის მესამე მატჩში, ბორჯღალოსნებთან 45:10 იმარჯვეს.
სამწუხაროდ, ფიჯის ნაკრებს უპირატესობა ყველა კომპონენტში ჰქონდა, რაც ბოლო მეოთხედში თველსაჩინო გახდა.
თამაში ძლიერი წვიმის ფონზე დაიწყო და საწყის წუთებში დაცვამ უშეცდომოდ ითამაშა. საქართველომ ორჯერ შეუტია და გასატან პოზიციაზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ სოსო მათიაშვილს მიზანმა უმტყუნა. ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა, როდესაც ფეხით შეცურებულ ბურთზე უყურადღებოდ ვითამაშეთ და რადრადამ ნაისალევო ლელოში შეუშვა.
ტაიმის ბოლო 10 წუთი საქართველოს ნაკრების შეტევებში გაილია. იერიში ჩვენი 22-იდან ხელით დავიწყეთ და თითქმის 80 მეტრი ვიარეთ, რაქიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთის ლელოში გადადება გიორგი ნემსაძემ სცადა, მაგრამ სანტიმეტრები დააკლდა. ამ შეტევას ჯარიმა მოყვა, რომელიც მათიაშვილმა 3 ქულად აქცია და ტაიმი 3:7 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფიჯიმ ორჯერ ჩაათამაშა ბურთი ფრთებზე და ორი ლელო გაიტანა. განახლდა თუ არა თამაში ბურთი გიორგი კვესელაძემ მოხსნა, ოთარ გიორგაძე კონტაქტის შემდეგ ფეხზე დარჩა, წინ წაიწია, მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ კი, ლელო მამუკა გორგოძემ გაიტანა. მათიაშვილმა გარდასახა და 53-ე წუთზე სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე შემცირდა – 10:17.
სამწუხაროდ, დასკვნით წუთებში ფიჯიმ უფრო მოუმატა, ოთხი გარდასახული ლელო გაიტანა უჩვეულო ანგარიშით, 45:10 გაიმარჯვა.
„მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივარს. ვიცით თუ რას ნიშნავდა ეს მატჩი თქვენთვის და დიდი ბოდიში, რომ ვერ შევძელით თქვენი გაბედნიერება“ – ნამატჩევს გულშემატკივრებს მოუბოდიშა გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და დასძინა: „ფიჯელებმა საუცხოოდ ითამაშეს, ჩვენ კი ვერ შევძელით ისე თამაში, რომ შესაძლებლობები ქულებად გვექცია და რა თქმა უნდა, შედეგი ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ ყოველთვის თავდადებით ვთამაშობთ, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმარისი არაა. თამაშის მოსაგებად ქულებია საჭირო“.
„როდესაც ფიჯის ბურთს და ოფლოუდების გაკეთების საშუალებას მისცემ, ასე ხდება, მერე მათი შეჩერება რთული ხდება. ღია თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან“ – თქვა მილტონ ჰეიგმა.
2019 წლის მსოფლიო თასი. დ ჯგუფი ოსაკა
საქართველო – ფიჯი 10:45
ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება | ფორვარდები
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.
1 ლელო: გორგოძე
1 გარდასახვა: მათიაშვილი
1 ჯარიმა: მათიაშვილი