ორხელისუფლებიანობა ბათუმის შეხვედრის წინ…

0
45

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა, “დინამო არენაზე” გაიმართა, სადაც დინამოელებმა მოქმედ ჩემპიონს – “საბურთალოს” უმასპინძლეს. მატჩის პირველი ნახევარი სტუმართათვის საკმაოდ კარგად მიდიოდა – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა მასპინძელთა მეკარე – ხოსე პერალესი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ტაიმის მიწურულს გიორგი კოხრეიძის დარტყმულის წინაშე ესპანელი მეკარე უძლური იყო და “საბურთალომ” ანგარიში გახსნა.
შეხვედრის მეორე ნახევარიც სტუმრებმა დამაჯერებლად დაიწყეს, მაგრამ  თამაშის სცენარი 67-ე წუთიდან რადიკალურად შეიცვალა. მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან საბურთალოს ფეხბურთელი ნიკა სანდოხაძე გააძევა, ხოლო მასპინძელთა სასარგებლოდ დანიშნული ჯარიმა ნიკა ნინუამ გოლად აქცია და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა.
გატანილი გოლის შემდეგ დინამოელები გააქტიურდნენ , რასაც  75-ე წუთზე საბურთალოს კარში კიდევ ერთი სტანდარტული, ამჯერად თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომლის შესრულებაც საკუთარ თავზე პირველი გოლის ავტორმა აიღო.
ნიკა ნინუა ამ შემთხვევაშიც უშეცდომო იყო. 2:1, თბილისის “დინამო” დაწინაურდა. დარჩენილ დროში მოედანზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და არც ანგარიშში შეცვლილა რამე. თბილისის “დინამომ” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა და  სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნდა. მატჩის მიწურულს მოედანზე დინამოელთა ახალწვეული – ლევან მჭედლიძე ლურჯი ფორმით პირველად გამოჩნდა, რომელმაც კვამე კარიკარი შეცვალა.
ამ დროისთვის თბილისის და ბათუმის “დინამოს” აქტივში 61 ქულაა და გუნდები პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ერთპიროვნული ლიდერობისთვის ბრძოლა  კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში, ექვს ოტქომბერს ანგისას ბაზაზე შედგება, სადაც ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდებიან.  საბურთალო კი 54 ქულით ამ დროისთვის მესამე პოზიციაზეა.