გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი დიდებულად გახსნა. სამწუხაროდ, ქართელი ცენტრი იყო “იბეროსტარ ტენერიფეს” ერთადერთი ნათელი წერტილი “ბილბაოსთან” საშინაო მატჩში, რომელიც კუნძულელებმა 67:81 დათმეს.
შერმადინი ტენერიფელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24:50 წუთში 23 ქულა, ექვსი მოხსნა, ორი პასი და ერთი ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა ყველა სროლა ჩააგდო – 10-დან 10 ორქულიანი და სამი საჯარიმო მიითვალა, რაც მისი კარიერის ერთ-ერთი უნიკალური შედეგია. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა საბოლოოდ 29 შეადგინა, რაც, რა თქმა უნდა, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. სამწუხაროდ, გიორგის გარჯა მოგებით არ დაფასდა და ტენერიფელებმა უხეიროდ ჩატარებული მეორე ნახევრის შემდეგ მატჩი უიმედოდ – 14 ქულით დათმეს.
ერთადერთი ტენერიფელი, რომელმაც შერმადინს ფეხი აუწყო, ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი გახლდათ, რომელმაც 33 წუთში 21 ქულა მითვალა. გამარჯვებულ ბილბაოელებს კი ფრანგმა ალექს ბუტილმა ულიდერა 27 ქულით. შემდეგ მატჩს ტენერიფელები 28 სექტემბერს, სტუმრად, შერმადინის წინა გუნდ “უნიკახასთან” გამართავენ.