გმადლობ, მანუ! მარკოიშვილმა კარიერა დაასრულა…

0
46

ჭეშმარიტი პროფესიონალი – თუკი რომელიმე ქართველი კალათბურთელი, თუნდაც სპორტსმენი ამ ეპითეტით შეიძლება მოვიხსენიოთ, ერთ-ერთი პირველი მანუჩარ მარკოიშვილია. კალათბურთელმა, რომელმაც საკუთარი მონდომებით, მიზანდასახულობით, ყოველდღიური შრომითა და თავდადებით კარიერაში უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, სათამაშო კარიერა დაასრულა. დიახ, სათამაშო კარიერა, რადგან ტრავმა, რომლის ტკივილიც თითქმის მთელ მის კარიერას მძიმე ტვირთად გასდევდა, მანუჩარს მოედანზე გასვლის საშუალებას აღარ აძლევს. მარკოიშვილი ფიცარნაგზე სათამაშოდ აღარ გავა, თუმცა კალათბურთში დარჩება და ცხოვრების ბოლომდე სპორტის ამ სახეობას სავარაუდოდ ისევე უერთგულებს, როგორც 15-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, როცა ჯან-ღონით სავსე თუ ტკივილგამაყუჩებლებით, ის ყოველთვის მოსაგებად შემართული გადიოდა სათამაშოდ და მოედანზე ტოვებდა ყველაფერს, რაც გააჩნდა.

მანუჩარ მარკოიშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველია, რომელმაც ევროლიგაში ითამაშა. 2002 წელს ის 16 წლის იყო, როცა იტალიური “ბენეტონის” შემადგენლობაში ევროპის უძლიერეს ლიგაში შეაბიჯა და ამ სუპერტურნირის ფინალში ლეგენდარულ დეიან ბოდიროგას მეურვეობდა. 15 წლის მანუჩარი ბათუმის “ბასკოს” ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა და აქედან დაიწყო მანუს ევროპული ოდისეა. იტალია, გერმანია, სლოვენია, უკრაინა, თურქეთი და რუსეთი – ამ ქვეყნების წამყვან კლუბებში მანუჩარმა არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტული მოიგო. და მთავარი, რაც მანუჩარ მარკოიშვილმა მოიგო, ქართველი გულშემატკივარის გულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები გახლდათ ის ასპარეზი, სადაც მარკოიშვილი განსაკუთრებული მონდომებით იხარჯებოდა და თანაგუნდელებთან ერთად ქართველ ქომაგებს წლების მანძილზე აღაფრთოვანებდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უზომოდ მადლიერია და ქართული საკალათბურთო საზოგადოების სახელით მადლობას ეუბნება მანუჩარ მარკოიშვილს იმ თავდადებისთვის, რასაც ის მთელი კარიერის მანძილზე იჩენდა ეროვნულ ნაკრებსა თუ კლუბში თამაშის დროს. სასიხარულოა, რომ მანუჩარ მარკოიშვილს გადაწყვეტილი აქვს კალათბურთში დარჩენა და საკუთარი მდიდარი და ფასდაუდებელი გამოცდილების ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება.

სამწუხაროა, რომ მისი თაობის წარმომადგენლებს ნელ-ნელა უწევთ აქტიური კარიერის დამთავრება. ცოტა ხნის წინ სათამაშო კარიერა დაასრულა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ნბა-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ, ხოლო მანუჩარის მსგავსად ტრავმა გახდა ამ თაობის კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, ვიქტორ სანიკიძის თამაშისთვის თავის დანებების მიზეზი. ამ მოთამაშეების ღვაწლი განუზომლად დიდია საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში და მათ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღირსეულ პატივს მიაგებს.

მადლობა, მანუ, მადლობა ბიჭებო! 

მანუჩარ მარკოიშვილი
დაიბადა: 17 ნოემბერი, 1986
სიმაღლე: 197 სმ

2000-2002 – ბათუმის ბასკო (საქართველო)
2002-2003 – ბენეტონი, ტრევიზო (იტალია)
2003 – მიტელდოიჩერი (გერმანია)
2004 – ბენეტონი, ტრევიზო (იტალია)
2004-2007 – ოლიმპია, ლიუბლიანა (სლოვენია)
2007-2009 – კიევი (უკრაინა)
2009-2013 – კანტუ (იტალია)
2013-2014 – გალათასარაი (თურქეთი)
2014-2015 – ცსკა მოსკოვი (რუსეთი)
2015-2017 – დარიუშაფაქა (თურქეთი)
2017-18 – რეჯინა (იტალია)

მიღწევები
VTB ლიგის მფლობელი (2015)
თურქეთის ჩემპიონი (2013)
FIBA Europe ჩემპიონი (2004)
იტალიის სუპერთასის მფლობელი (2012)
იტალიის სუპერთასის MVP (2012)
ადრიატიკის ლიგის All-Star (2007)
ორგზის სლოვენიის ჩემპიონი (2005–2006)
ორგზის სლოვენიის თასის მფლობელი (2005–2006)
იტალიის ჩემპიონი (2003)
იტალიის თასის მფლობელი (2003)
ორგზის საქართველოს ჩემპიონი (2001–2002)

საქართველოს ნაკრები (ოფიციალური მატჩები)
52 მატჩი
1577 წუთი (30.3)
627 ქულა (12.1)
173 მოხსნა (3.3)
111 პასი (2.1)