მიხეილ მესხის სახელობის არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “საბურთალო” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. მასპინძლები გამოკვეთილ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. პირველ ტაიმში სტუმრები მეტად აკონტროლებდნენ ბურთს და ტაიმის მიწურულს ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. “საბურთალოს” კარში გოლი ცოტნე მოსიაშვილმა გაიტანა.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე “საბურთალოსთვის” სამი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლები მეტად გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტებსაც ხშირად ქმნიდნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია “ტორპედოს” 16 წლის გოლკიპერის დავით ასათიანის საიმედო თამაში. 79-ე წუთზე გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა მაინც მოახერხეს სტუმართა კარში გოლის გატანა. ანგარიში შეხვედრაში ცვლილებაზე შემოსულმა ლუკა ლაკვეხელიანმა გაიტანა. გატანილი გოლის შემდეგ “საბურთალომ” მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა, რასაც მატჩის ბოლო წუთზე ქუთაისელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, თუმცა ოგნიენ როლოვიჩის დარტყმული დავით ასათიანმა მოიგერია და თავის გუნდს ქულა მოუტანა.
ამ დროისთვის “საბურთალოს” 51 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება, ქუთაისის “ტორპედო” კი 40 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.