საქართველო ჯგუფის ლიდერია

0
44

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის მეორე მატჩში, სტუმრად ბაქოში, 3:0 დაამარცხა აზერბაიჯანი და 6 ქულით ჯგუფს ლიდერობს.

გია ცეცაძის გუნდმა ყველა კომპონენტში აჯობა მოწინააღმდეგეს და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა.

ჩვენს გუნდს პირველ ტაიმშივე შეეძლო სოლიდური უპირატესობის მოპოვება, თუმცა ტაიმის ბოლო წუთამდე ვერ შეძლო შესანიშნავად მოთამაშე მასპინძელთა მეკარის გატეხვა. მერე კი ვატო არველაძემ იყოჩაღა – საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და მარჯვენა ფეხით შეაგდო.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელებს კაპიტანი უხეშობისთვის გაუძევეს. მალევე ჯერ გიორგი არაბიძემ გაატანინა შეცვლაზე შესულ ირაკლი ბუღრიძეს, მერე კი ბუღრიძემ დაუბრუნა ვალი და არაბიძემ შორეულ კუთხეში ჩასვა.

“უპირატესობა გვქონდა და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩემი გუნდი უკეთესი იყო და მიხარია, რომ ბიჭებმა თავი კარგად წარმოაჩინეს” – განაცხადა მატჩისშემდგომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გია ცეცაძემ.

აზერბაიჯანი 0:3 საქართველო
ბაქო, “დალღა არენა”
აზერბაიჯანი: იბრაჰიმოვი (70′ ზაკიევი), სეიდიევი, მანაფოვი, სილიღლი, თამაზოვი, ჰაჯიევი, იბრაჰიმლი (46′ ჯაფარგულიევი), სეიდოვი, ოკსუზი (60′ გურბანლი), ნაბიევი (46′ მაჰარამლი), ეკინჯერი (86′ ბაირამლი).
მთავარი მწვრთნელი: მილან ობრადოვიჩი
საქართველო: გუგეშაშვილი, მალი (86′ სპანდერაშვილი), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, არაბიძე, კუცია, ნინუა (70′ კოხრეიძე), ქავთარაძე (70′ ბუღრიძე), არველაძე (78′ კიტეიშვილი), სილაგაძე.
სათადარიგო შემადგენლობა: მამარდაშვილი, ანდრონიკაშვილი, უგრეხელიძე, ლაკვეხელიანი
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე
მსაჯები: ლორენ კოპრივა (ლუქსემბურგი), კლოდ რისი (ლუქსემბურგი), დავიდ მატეუს სანტოსი (ლუქსემბურგი), ალექს კრუგერი (ლუქსემბურგი)
გოლები: 0:1 არველაძე (45+3), 0:2 ბუღრიძე (73), 0:3 არაბიძე (84)
გაფრთხილება: 24′ თამაზოვი, 26′, 49′ ჰაჯიევი, 29′ კობოური, 39′ სეილიღლი, 51′ სეიდოვი, 52′ არაბიძე

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს სტუმრად შვეიცარიასთან ჩაატარებს.