საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა RugbyPass-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მოახლოებულ მსოფლიო თასსა და “ბორჯღალოსნებისთვის” აქტუალურ სხვა საკითხებზე ისაუბრა.
ტოპ-ნაკრებებთან ტესტ-მატჩებზე
“ჯერ კიდევ გასული მსოფლიო თასის შემდეგ, პირველი დონის ქვეყნებთან თამაშების სიმცირე ძალიან გვაწუხებს, ამდენად, მზად ვარ, ამ თემაზე ნებისმიერს ვესაუბრო.
თუკი საქართველოს ნაკრებისთვის ესოდენ საჭირო მატჩების მოძიება არ ხერხდება, ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა უმაღლესი დონის ტურნირებზე ითამაშონ.
გვყავს ბიჭები, რომლებიც ტოპ-14-ში ირჯებიან, თუმცა, ეს საკმარისი არაა. საჭიროა, რომ მათი რაოდენობა მუდმივად იზრდებოდეს, რათა ქართველი მორაგბეები ოსტატობას კვირიდან კვირამდე იმაღლებდნენ და არა წლის განმავლობაში ჩატარებულ რამდენიმე შეხვედრაში.
სანამ გარღვევას არ მოვახდენთჱდა პირველი ეშელონის ქვეყნებს არ მივუახლოვდებით, გლობალური წინსვლა ნაკლებად მოსალოდნელია. ახლა, ასეთი სიტუაცია გვაქვს”.
სამსოფლიოთასო გეგმები
“გვინდა, იაპონიაში ყველა გავაოცოთ. როდესაც სარაგბო ვებ-გვერდებს ვათვალიერებთ, თითქმის ყველაზე წერენ, მაგრამ ჩვენ არ გვახსენებენ, არადა, გასულ მსოფლიო თასზე წინსვლა გვქონდა და ჯგუფში მე-3 ადგილი დავიკავეთ. წლეულს, გვსურს არა მარტო უკეთეს პოზიციაზე გავიდეთ, არამედ, ჩვენი ავტორიტეტიც ავწიოთ.
თუკი ამას მოვახერხებთ, ჩვენთვის ხელსაყრელ საუბრებს უფრო ხშირად გავიგებთ. სულ უფრო მეტი ადამიანი იტყვის: “ქართველები მართლაც მაგრად თამაშობენ, იქნებ მათთან არსებულ სტატუს-ქვოს გადავხედოთ”. იმედი მაქვს, რომ უკვე 2020 წლიდან პირველი დონის ნაკრებებთან გაცილებით მეტ ტესტს მივიღებთ”.
წვლილზე საქართველოს ნაკრებში
“2019 წლის მსოფლიო თასზე შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს იმაზე უკეთეს მდგომარეობაში დავტოვებ, ვიდრე ჩემი მისვლის დროს იყო. ეს ნაკრები 2012 წლის გუნდის ფორმაციისგან ძალიან განსხვავდება და მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიცაა.
ვფიქრობ, მსოფლიო თასი ძალიან დიდი შესაძლებლობაა. ეს, ქართველებთან ერთად ჩემი ბოლო ტურნირი იქნება და ცხადია, რომ პირადად მეც უდიდესი მოტივაცია მექნება. ყოველდღიურად ვეუბნები საკუთარ თავს: ყველაფერი გააკეთე, რათა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა”.