„საბურთალომ“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად „არარატ-არმენია“ დაამარცხა და პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩს ერევანში დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია და სტადიონი, რომლის ტრიბუნებზე 14403 ადამიანი ეტევა, სანახევროდ შეივსო. თავის საყვარელ გუნდს ტრიბუნიდან „საბურთალოს” გულშემატკივრებიც ამხნევებდნენ.
პირველი ტაიმის სომხების უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური იყო, რომ შესვენებამდე ანგარიშში დაწინაურდნენ – 31-ე წუთზე ნარსინგმა ბურთი მარჯვნიდან ჩააწოდა და თბილისელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა გუზმა მალის მოუგო, ხოლო მიგინეიშვილის კარის წინ მარტო მყოფმა კობიალკო გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალე ჭიაბრიშვილმა თამაშიდან როლოვიჩი მოხსნა და მცველი მარგველაშვილი შეიყვანა, გუნდი კი 3-5-2 ტაქტიკაზე გადააწყო. ამან გაამართლა და მეორე ტაიმში ქართველები დომინირებდნენ.
61-ე წუთზე თბილისელებმა გოლის გატანის საუცხოო შანსი ხელიდან გაუშვეს – დიასამიძის ზუსტი პასის მერე, მეტოქის კარის წინ მყოფმა გაბედავამ ნახტომში მიზანს ააცილა.
71-ე წუთზე „საბურთალოში“ ლევან ყენიას დებიუტი შედგა, რომელმაც ელვინ ტერა შეცვალა. ერთ წუთში კოხრეიძემ დროულად მოძებნა მარჯვენა ფლანგზე გახსნილი მალი, რომელმაც სომხების საჯარიმოში ჩააწოდა და მასპინძელთა მცველმა ბურთი ცუდად მოიგერია – ყენიამ ვერ დაარტყა, სამაგიეროდ ალთუნაშვილმა „ცაციათი“ ანგარიში გაათანაბრა.
76-ე წუთზე ყენიამ შეტევა წამოიწყო და ერევნელების საჯარიმოში შესულმა ზუსტი დარტყმით საბურთალოელები დააწინაურა – გარე ტერფით მოჭრილი ბურთი ძელს შეეხო ვიდრე სომხების კარში აღმოჩნდებოდა.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
„არარატ-არმენია“ (ერევანი) – „საბურთალო“ (თბილისი) 1:2 (1:0)
ერევანი. რესპუბლიკური სტადიონი.
„არარატ-არმენია“: ჩუპიჩი, აჩენტე, გუზი, მენეზესი, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი, 57), ალფონსე, ლიმა, ავეტისიანი (სანოგო, 78), ნარსინგი, კობიალკო (ლუისი, 71).
მთავარი მწვრთნელი: ვარდან მინასიანი
„საბურთალო“: მიგინეიშვილი, კაკუბავა, მალი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, ტერა (ყენია, 71), ალთუნაშვილი, დიასამიძე (კ), გაბედავა, კოხრეიძე (ცნობილაძე, 84), როლოვიჩი (მარგველაშვილი, 57).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გოლი: 1:0 კობიალკო (31), 1:1 ალთუნაშვილი (72), 1:2 ყენია (76)
გაფრთხილება: კოხრეიძე (1), დიასამიძე (15), გაბედავა (43), აჩენტე (45), რეხვიაშვილი (50), კაკუბავა (82), გუზი (85)
მთავარი მსაჯი: ალან ბიერი (შვეიცარია)