ტარიელ ხეჩიკაშვილი: “საბურთალოს” აღმშენებლობის პროცესს განვაგრძობთ “

0
51
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სატელევიზიო გადაცემაში “სპორტი იმედზე” კლუბთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
“არნახული მხარდაჭერის გამო თითოეულ გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ასევე, მადლობას გადავუხდი ჟურნალისტებს, რომლებმაც წაგებული გუნდის მწვრთნელი პროსკონფერენციის დარბაზიდან ტაშით გააცილეს.
რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით, რომ წაგებულ გუნდს ტაშს დაუკრავდნენ.
ასეთმა მხარდაჭერამ გუნდის მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, დამფუძნებლებს, სპონსორებს დამატებითი მოტივაცია მოგვცა, რომ განვაგრძოთ კლუბის აღმშენებლობის პროცესი.
რაც შეეხება ტრანსფერებს, გვსურს, აგვისტოს თვე გამოვიყენოთ გაძლიერებისათვის, თუმცა ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული, რადგან მას უნდა მოსწონდეს ფეხბურთელი და მოლაპარაკებებს მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მოთამაშეებზე არის მოთხოვნა უცხოური კლუბებიდან და ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება ვინმემ დაგვტოვოს.
დავამატებ იმას, რომ  “საბურთალოს” მიმართ გაიზარდა ინტერესი. მაგალითად, ზაგრების “დინამომ” ჩვენთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა. ასევე დავაანონსებ, რომ სექტემბერში გამოცხადდება ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, რომელსაც  ჩვენთან ერთად საფეხბურთო სკოლისა და აკადემიის გახსნის სურვილი აქვს.
ჩვენი მთავარი ყურადღება მიმართულია იქითკენ, რომ მეტი ინვესტიცია აკადემიაში, ფეხბურთელებში, მათ აღზრდასა და კომპეტენტური მწვრთნელების ჩამოყვანაში ჩავდოთ. ასევე, გვსურს შევარჩიოთ სტადიონის ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ნაკლებ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული”, – აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.