გოგა ბითაძე: “მადლობა სიყვარულისთვის, რომელიც უკვე ვიგრძენი”

0
71

გოგა ბითაძემ ინდიანა პეისერსში პირველი პრესკონფერენცია გამართა. 19 წლის ქართველი კალათბურთელი, რომელიც NBA-ს კლუბმა დრაფტის პირველ წრეში მე-18 ნომრად აირჩია, ადგილობრივ ჟურნალისტებს პეისერსის პრეზიდენტმა, კევინ პრინჩარდმა წარუდგინა.

კევინ პრინჩარდი (“ინდიანა პეისერსის” პრეზიდენტი):
გოგა გუნდური მოთამაშეა, ნამდვილი პროფესიონალი, უყვარს კალათბურთი და, რაც მთავარია, ძალიან ნიჭიერია. არ ვიცი, გაქვთ თუ არა ნანახი, რას აკეთებდა ევროლიგაში – ეს უნდა ნახოთ! და გაიხსენეთ ლუკა დონჩიჩის მაგალითი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად პროგრესირებს. ეს ბიჭი ცხოვრობს კალათბურთით! ასე რომ, ძალიან კმაყოფილები ვართ.

კევინ პრინჩარდი და გოგა ბითაძე პრესკონფერენციაზე

ვინც ფიქრობს, რომ მას ძალიან ცოტა სათამაშო დრო მიეცემა, ვერ დავეთანხმები. ჩვენ გვჭირდება ასეთი კალათბურთელები. შემიძლია გითხრათ, რომ დრაფტზე არჩევანის გაკეთება ასე ადვილი არასდროს ყოფილა. მოკლედ, დღეს ძალიან კარგი დღეა. მაგარი ბიჭი დავიმატეთ. გოგა სწრაფია, დიდი მონდომებით თამაშობს და აქვს ყველა ის თვისება, რაც უნდა ჰქონდეს კალათბურთელს, რომელიც ჩვენ გვინდოდა!”

გოგა ბითაძე:
“მოგესალმებით. პირველ რიგში, მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელიც აქ უკვე ვიგრძენი. ამაყი და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ აქ ვარ! ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ რაღაც უნდა ვთქვა. ეს სიტყვები ჩემი გულიდან და ჩემი ტვინიდან მოდის.

თბილისში გავიზარდე. სამწუხაროდ, როცა პატარა ვიყავი, NBA-ს თამაშებს ხშირად ვერ ვუყურებდი. საქართველოში რთული დრო იყო, ჩვენ არ გვქონდა ტელევიზია, სადაც NBA-ს თამაშების ნახვას რეგულარულად შევძლებდი. თუმცა, მაშინ, საქართველოში, არა მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის, არამედ ყველასათვის რთული პერიოდი იყო. 2008 წელს ჩვენ ომი გვქონდა რუსეთთან. ჩემი ქვეყნის დიდი ნაწილი ახლაც ოკუპირებულია. მაშინ მხოლოდ 9 წლის ვიყავი და ყველაფერს ვერ ვაანალიზებდი. ახლა ვხვდები, რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. თუმცა, ვფიქრობ, იმ სირთულეებმა გაგვაძლიერა, ადამიანები ერთმანეთთან დაახლოვა. ჩვენ მართლაც ძლიერი ქვეყანა ვართ. მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით.”

როგორც კი NBA-ს თამაშების მუდმივად ნახვის შანსი მომეცა, მაშინვე ძალიან შემიყვარდა NBA – აღფრთოვანებული ვიყავი ვარსკვლავების თამაშით. ისინი ჩემი სუპერგმირები იყვნენ. მაშინ ძალიან რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ აქ მოვხვდებოდი. მერე მივხვდი, რომ მხოლოდ ეს მინდოდა და მხოლოდ ამაზე ვოცნებობდი. ნიკოლა იოკიჩი სწორედ ჩემი ყოფილი გუნდიდან გადავიდა NBA-ში და ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ჩემი ოცნებაც ასრულებულიყო. ახლა კი აქ ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ.

ზაზა ფაჩულიასთან მართლაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემს ბავშვობაში ის იყო ჩვენი ვარსკვლავი. ზაზა ნაკრების კაპიტანი იყო და NBA-ში თამაშობდა – სწორედ მას ვბაძავდით. როცა NBA-ს თამაშების ყურება აქტიურად დავიწყე, აღფრთოვანებული ვიყავი კევინ გარნეტით – ის მაოცებდა თავისი ენერგიით და კონკურენტუნარიანობით. მერე იყო ნიკოლა იოკიჩი, რომელიც NBA-ში ჩემი ყოფილი გუნდიდან წავიდა და რომელიც ასევე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა.”

– “ინდიანა პეისერსის” შესახებ რა იცი?
– ბავრი რამ. ყველა მოთამაშის თამაშს ვიცნობ, მათ პლეი ოფში რეგულარულად ვადევნებდი თვალს. ძალიან მომწონს ვიქტორ ოლადიპო. მიხარია, რომ სწორედ “ინდიანაში” მომიწევს თამაში. ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს. 100%-ით დავიხარჯები, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარო.

– ოკეანის გაღმა თამაშობდი. ბევრს არ ჰქონდა ევროლიგაზე შენი გამოსვლის ხილვის საშუალება. როგორ აღწერდი საკუთარ სათამაშო სტილს?
– პირველ რიგში ვიტყვი, რომ მოედნის ორივე მხარეს, დაცვასა და შეტევაში ბევრს ვმუშაობ. შემიძლია გუნდისთვის ენერგიის, პოზიტიური ენერგიის მოტანა. სროლაც შემიძლია და თამაშის წაკითხვაც. მოკლედ, ვეცდები ყველაფერი კარგად შევასრულო, რასაც მწვრთნელი მოითხოვს.

– კალათბურთის გარდა კიდევ რა ინტერესი გაქვს?
– ბევრს ვვარჯიშობ და ნამდვილად არ მაქვს დრო, სხვა რამ ვაკეთო. თუმცა მიყვარს მუსიკა, წიგნის კითხვა, კომპიუტერული თამაშები…