არგენტინის ეროვნული ნაკრები “კოპა ამერიკას” მეორე ტურის შეხვედრაში პარაგვაის დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ანგარიში ედუარდო ბერიცოს შეგირდებმა გახსნეს. 37-ე წუთზე თავი რიჩარდ სანჩესმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი პარაგვაიმ მოიგო. შეხვედრის 57-ე წუთზე არგენტინელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთთან ლეო მესი მივიდა და წონასწორობა აღადგინა. ხუთ წუთში პარაგვაის წინ გასვლა ისევ შეეძლო, თუმცა დერლის გონსალესმა პენალტი ვერ გაიტანა.
ორი ტურის შემდეგ არგენტინა ჯგუფში ერთადერთი ქულით ბოლო ადგილს იკავებს, ხოლო პარაგვაი ორი ქულით მეორეა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში არგენტინა ყატარს, ხოლო პარაგვაი კოლუმბიას დაუპირისპირდება.
პარაგვაისთან ვერმოგებულ მატჩზე არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ისაუბრა: „სიგიჟე იქნება, თუ ვერ გავალთ ჯგუფიდან, რომლიდანაც, სავარაუდოდ, 3 გუნდი გადის. ვიცით, რომ შემდეგი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მჯერა, რომ ამას შევძლებთ.
ჯერჯერობით ისევ ძიების პროცესში ვართ და ვეძებთ იმ შემადგენლობას, რომელიც წარმატებას მიაღწევს.
შეხვედრის პირველ წუთებში ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ უწესრიგოდ ვთამაშობდით. მეორე ტაიმში მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა მხოლოდ ფრეს დავჯერდით“.