2024 წლიდან ევროპული საკლუბო ფეხბურთი ძირეულად შეიცვლება

0
50

ევროპულ ფეხბურთში დიდი სკანდალი მწიფდება. უეფა (UEFA) და ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) ჩემპიონთა ლიგის სრულ რეფორმაზე უკვე აქტიურად მუშაობენ.

2024 წლამდე ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ფორმატს ცვლილება არ ემუქრება, მაგრამ ბოლო დროს უეფას პრეზიდენტი და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ხშირად ღიად საუბრობენ ცვლილებებზე და ნათელია, რომ რაღაც ახალი მწიფდება.

ამასობაში კი, შესაძლოა ნაღმი გასკდეს, რადგან ევროტურნირების ახალი ფორმატი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ეროვნული ჩემპიონატების ჩატარებას. საქმე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგა რეფორის შემდეგ დიდი ალბათობით, უიქ-ენდებზე (შაბათ-კვირას) გაიმართება. გარდა ამისა, 32 გუნდი 4 რვაგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება და მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე თითოეულ გუნდს 14 მატჩის ჩატარება მოუწევს.

„ჩვენი ტურნირი საუკეთესოა მსოფლიოში და ახლა არ ვიცით იქნება თუ არა, ცვლილებები. ისინი, ვინც გვაკრიტიკებენ, იმაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორ გააუმჯობესონ თავიანთ ქვეყნებში ფეხბურთი. ჩვენ ახლახან დავადასტურეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი 2024 წლამდე უცვლელი იქნება, მაგრამ უეფა დინამიკური ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის იმაზე მუშაობს, რომ ტურნირები განავითაროს და გააუმჯობესოს. საუკეთესოობა არ ნიშნავს, რომ უმჯობესის გახდომა არ შეიძლება. ჩვენ გვაკრიტიკებენ, მაგრამ ევროპის უდიდესი ორგანიზაცია ვართ და ყოველთვის დავიცავთ ფეხბურთს. არ მიყვარს საიდუმლო ურთიერთობები. გვაკრიტიკებენ, რადგან ცვლილებების იდეა გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციებს გავდივართ“, – აღნიშნა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერენიმ.

ჩეფერინსა და ანიელის რეფორმის იდეის გამოც დიდი კრიტიკა შეხვდათ და ეს უსაფუძვლო სულაც არაა. რადგან, ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატში ერთი საინტერესო პუნქტი დევს: 32 გუნდიდან საწყის 24 ადგილზე გასული გუნდები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ავტომატურად მიიღებენ. ეს იმთავითვე ნიშნავს, რომ ეროვნული ჩემპიონატების ჩატარება პრაქტიკულად აზრს დაკარგავს და ჩემპიონთა ლიგის საგზურები აღარ გათამაშდება.