ადრიატიკის ლიგის ფინალს დაძაბულობა მთელი სერიის განმავლობაში არ მოჰკლებია. ანდაც, რა გასაკვირია, როცა ერთმანეთს სერბულ-მონტენეგრული გუნდები უპირისპირდებიან, ერთ-ერთი მათგანი კი “ცრვენა ზვეზდაა”. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მატჩში მომხდარმა ყველა მოლოდონს გადააჭარბა. “წითელ ვარსკვლავსა” და “ბუდუჩნოსტს” 2-2 მოგება ჰქონდათ, ჩემპიონი კი ბელგრადში უნდა გამოვლენილიყო, სადაც პოდგორიცელებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე ქომაგი ელოდათ.
მრისხანებაც არის და მრისხანებაც. ადგილობრივმა გულშემატკივრებმაც და კალათბურთელებმაც ბუდუჩნოსტს შავი დღე აყარეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტუმარი გუნდის კალათბურთელები 21:00 საათზე პარკეტზე არ გამოცხადდნენ და გასახელიდან წერილი გამოგზავნეს, რომელშიც იუწყებოდნენ, რომ მეტოქის ფანები მათი გუნდის კალათბურთელებს თავს დაესხნენ.
“მას მერე, რაც არენაზე შემოვედით, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა ისტერია შექმნეს. მათ ისროლეს ყველა შესაძლო მძიმე საგანი ჩვენი მიმართულებით: მონეტები, ტელეფონის ბატაირიები, ქვები, სავსე ბოთლები, ცოცხები, ფანრები, სკამები და სხვა. ორმოცამდე ქომაგი შემოვარდა პარკეტზე და ჩვენს კალათბურთელებს: ნორის კოულს, ერლ კლარკს და ნემანია გორდიჩს დაუპირისპირდა. გორდიჩს თავში სკამი მოხვდა” , -ეწერა “ბუდუჩნოსტის” წერილში.
საბოლოოდ, “ბუდუჩნოსტის” ხელმძღვანელებმა მატჩის დელეგატებთან შეთანხმებას მიაღწიეს და პარკეტზე მაინც, თუმცა ერთი საათით გვიან გამოვიდნენ.
რაც შეეხება უშუალოდ პარკეტზე განვითარებულ მოვლენებს, მასპინძლებმა მიღებული მუხტით და დარბაზში არსებული ატმოსფეროთი ისარგებლეს და გამარჯვება მეორე პერიოდშივე გაიფორმეს. მეორე ტაიმს ფორმალური ხასიათი ჰქონდა, თუმცა “ცრვენა ზვეზდა” არ გაჩერებულა და მიზნად რაც შეიძლება დიდი უპირატესობით მოგებას ისახავდა. საბოლოოდ მასპინძლებმა 97:54 – იმარჯვეს.
შეხვედრაში სათამაშოდ 16.24 წუთი მიეცა საქართველოს ნაკრებისა და” ბუდუჩნოსტის” ცენტრს გოგა ბითაძეს, რომელიც აკურატულობით დღესაც არ გამოირჩეოდა და 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო. ლიგის რეგულარული სეზონის MVP-მ 7 ქულა, 3 მოხსნა და ჩაჭრა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მექულე მასპინძელთა ფორვარდი კელვინ რივერსი იყო, რომელმაც ბუდუჩნოსტის კალათში 21 ქულა მოათავსა.
შედეგად, ბელგრადულმა კლუბმა შარშანდელ ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო და ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა.
