ლორისმა პენალტი აიღო, კეინი დაიმტვრა – “ტოტენჰემმა” 1:0 მოიგო

0
34
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “ტოტენჰემმა” თავის ახალ სტადიონზე “მანჩესტერ სიტის” 1:0 სძლია.
მე-13 წუთზე მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა. მან ჩათვალა, რომ მცველმა დენი როუზმა საჯარიმოში ხელით ითამაშა. სერხიო აგუეროს შესრულებული თერთმეტმეტრიანი უგო ლორისმა მოიგერია. მან ამ სეზონში მის კარში დანიშნული სამივე პენალტი მოიგერია.
25-ე წუთზე ჰარი კეინს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ედერსონი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.
58-ე წუთზე ფაბიან დელფთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო კეინმა, ლუკას მოურამ შეცვალა და სამედიცინო პერსონალის დახმარებით გავიდა გასახდელში. შესაძლოა, მას ძველი ტრავმის რეციდივი აქვს და ამ სეზონში ვერ ითამაშოს.
78-ე წუთზე კი სონმა გოლი გაიტანა და “ტოტენჰემმა” გაიმარჯვა.
საპასუხო მატჩი 17 აპრილს მანჩესტერში ჩატარდება.
აგუერომ ჩემპიონთა ლიგაზე მე-4 პენალტი გააცუდა და ვან ნისტელროის გაუთანაბრდა, მათზე მეტი, 5 თერთმეტმეტრიანი მხოლოდ ტიერი ანრის აქვს გამოუყენებელი.

საინტერესო ფაქტები

 “ტოტენჰემი” და “სიტი” 157-ედ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან ევროტურნირებზე პირველად!
სონმა ბოლო 40 მატჩში, მე-18-ე გოლი გაიტანა, ჯამში იმდენი აქვს უკვე ერთად გატანილი, რამდენიც 53 მატჩის მანძილზე წინა, 2017-18 წლების სეზონში.
“სპურსმა” ევროთასის ის პლეი-ოფი, სადაც პირველი მატჩი მოიგო, 9-დან, 9 შემთხვევაში გადალახა!
“სიტიმ” ამ ტურნირზე ინგლისურ გუნდებთან ხუთივე ჩატარებული მატჩი წააგო – აქამდე ორჯერ “ჩელსისთან” და ორჯერ “ლივერპულთან”.
პეპ გვარდიოლას გუნდები რვაჯერ დამარცხდნენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩებში და მხოლოდ ორჯერ მოახერხეს მერე შემდეგ ეტაპზე გასვლა.

ლონდონი. “ტოტენჰემ ჰოთსპური”. 60 044 მაყურებელი
ტოტენჰემი – მანჩესტრ სიტი 1:0
გოლი: სონი (78)
გამოუყენებელი პენალტი: აგუერო (13)
ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, როუზი, ტრიპიერი, ვერტონგენი, ერიკსენი, უინკსი (ვანიამა 81), ალი (ლორენტე 87), სისოკო, კეინი (ლუკას მოურა 58), სონი.
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, ლაპორტი, ოტამენდი, უოკერი, დელფი, დავიდ სილვა (სანე 88), ფერნანდინიო, მარეზი (დე ბრიუნე 88), გიუნდოგანი, სტერლინგი, აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 71).