საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩი დინამო არენაზე შვეიცარიასთან 0:2 დათმო, შემდეგ კი სტუმრად, ირლანდიასთან, მინიმალური სხვაობით დამარცხდა (0:1).
ქართველმა გულშემატკივარმა შვეიცარიასთან მატჩში ნაკრებში დაბრუნებული ჯანო ანანიძე იხილა, რომელიც ეროვნულ გუნდს ირლანდიასთან მატჩში კვლავ გამოაკლდა. ჯანომ მუხლის ტკივილი იგრძნო. რამდენიმე დღეში ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე სრული დატვირთვით ივარჯიშა და მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, რასაც ქართველი გულშემატკივრის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამავე მიზეზით, ფეხბურთელმა აღნიშნული თემის ირგვლივ ვრცლად ისაურა.
ჯანო ანანიძე: „მოგესალმებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემს გულშემატკივრებს და მხარდაჭერებს გვერდში დგომისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც ძალიან დადებითი გზავნილები მივიღე, შვეიცარიელი ფეხბურთელისთვის გაწეული იმ მცირე დახმარებისთვის, რომელიც მინდორზე აღმოვუჩინე.
მინდა განვმარტო ირლანდიაში ჩემი არყოფნის მიზეზი, რადგან ამ ვითარებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საქმე ისაა, რომ შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ ნაოპერაციები მუხლის ტკივილი ვიგრძენი, რომელიც ოდნავ გასიებულიც იყო. ამის თაობაზე ნაკრების ექიმს ვესაუბრე და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხანგრძლივი გადაფრენებისგან თავი შემეკავებინა და გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა რამდენიმე დღიანი პაუზა ამეღო.
23 მარტის შემდეგ 6 დღე გავიდა და ამიტომაც გადავწყვიტე, დღეს მეთამაშა, თუმცა სრულად მაინც არ ჩავამთავრე შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძველი ტრავმები თავს აღარ შემახსენებს, სრულად მოშუშდება და ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები ნაკრებისთვის და ასევე გუნდისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”.