“ბუდუჩნოსტის” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დაასახელეს.
გამოკითხვაში, რომელშიც გულშემატკივრების გარდა, გუნდების მთავარი მწვრთნელები და თავად ადრიატიკის ლიგის ხელმძღვანელებიც იღებდნენ მონაწილეობას, გოგამ ხმათა 42 პროცენტი მიიღო.
მეორე ადგილზე გასულ ბორიშა სიმანიჩს (“ცრვენა ზვეზდა”) ხმათა 24 პროცენტი ერგო, მესამე ადგილი კი 15.5 პროცენტით ლუკა სამანიჩმა დაიკავა (“პეტროლ ილიმპია”).
გამოკითხვაში უპირატესობა მწვრთნელების მიერ დასახელებულ მოთამაშეებს ერგებოდათ (60%), შემდეგ მოდიოდნენ გულშემატკივრები (30%) და ბოლოს ადრიატიკის ლიგის კომისია (10%).
აღსანიშნავია, რომ როგორც ქომაგებმა, ასევე გუნდების დამრიგებლებმა უპირატესობა სწორედ ახალგაზრდა ქართველს მიანიჭეს.
ეს 19 წლის ქართველის მეორე სეზონია ადრიატიკის ლიგაში. მიმდინარე სეზონში მისი საშუალო მაჩვენებლები 16.3 ქულა, 6.4 მოხსნა, 2 ბლოკი და 0.9 პასია, რაც ყველა მოთამაშეს შორის მესამე საუკეთესო შედეგია მთელ ლიგაში.