57 თვე და 72 წაუგებელი: “დინამოს” “ოქროს სერია”

0
69

ოთხი წელი და ცხრა თვე, ანუ ჯამში 57 თვე. საკმაოდ დიდი დროა და მართლაც ძალიან მაგარი გუნდი უნდა ყოფილიყავი, რომ ამ ხნის განმავლობაში შინ ერთი თამაშიც არ გქონოდა წაგებული. თანაც, იმ ჩემპიონატში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა.  ეს თბილისის “დინამოა”. დიახ, 1975 წლის 21 სექტემბრიდან 1980 წლის 19 ივნისამდე თბილისის დინამოს საბჭოეთის ჩემპიონატსა და თასზე ერთხელაც არ დამარცხებულა. ორჯერ წააგო, ოღონდ ევროთასებზე… ამ თითქმის 5-წლიან პერიოდში ნოდარ ახალკაცის გუნდმა ჩემპიონატის ეგიდით თბილისში 72 მატჩი ჩაატარა. 72 წაუგებელი.

1975 წლის 21 სექტემბერს დინამოელებმა შინ 2:3 დათმეს ვოროშილოვგრადის “ზარიასთან”, ხოლო  1980 წლის 19 ივნისს მოსკოვის “სპარტაკთან” დაასრულეს მშვენიერი სერია – 2:4. “სპარტაკთან” გოლები რამაზ შენგელიამ და დავით ყიფიანმა გაიტანეს, სტუმართაგან კი დუბლი შეასრულა ჩერენკოვმა, თითო გოლი კი გესმა და გავრილოვმა მიითვალეს.

ხსენებულ 57-თვიან პერიოდში თბილისის “დინამოს” მანუჩარ მაჩაიძე კაპიტნობდა. მაჩაიძე სწორედ 1980 წელს შუა სეზონში გაუშვეს გუნდიდან. ისე, “სპარტაკთან” ამ წაგებულ მატჩში ითამაშა – შეცვლაზე შევიდა, როცა დინამო უკვე 0:2 აგებდა.

ილია ნანობაშვილი