ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 0:2 დამარცხების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ ყურადღების ცენტრში მოექცა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უფერული მატჩი ჩაატარა და არის საკმაოდ დიდი შანსი, რომ კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგას თავისთვის უჩვეულოდ დაემშვიდობოს – ამ მომენტისთვის მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები რონალდუს ისე დაესივნენ როგორც ფუტკარი თაფლს.
კრიშტიანუმ კი იმედგაცრუება ვერ დამალა და ასეთი კომენტარი გააკეთა: „მე ხუთი ლიგა მაქვს მოგებული, „ატლეტიკოს“ კი ნული“.
კითხვაზე თუ რას ფიქრობს „იუვენტუსის“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებზე, პორტუგალიელის პასუხი მოკლე იყო: „ყველაფერს მალე ვნახავთ“.
სიმეონეს ფორმაციის „ატლეტიკოსთან“ 0:2-ის შემოტრიალება ურთულესი ამოცანაა. შეიძლება ითქვას, რომ „პსჟ“-სთან „ბარსას“ 0:4-ზე რთულიც კი გახლავთ.
საამისოდ „ბებერ ქალბატონს“ რონალდუს საუკეთესო თამაში დასჭირდება.
ცნობისთვის, კრიშტიანუს „ატლეტიკოს“ კარში ჯამში 22 ბურთი აქვს შეგდებული.