“მანჩესტერ იუნაიტედმა” 2018 წლის უკანასკნელი კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა. “ოლდ ტრაფორდის” მკვიდრები ფინანსურ მდგომარეობას არ უჩივიან, თუმცა ჟოზე მოურინიოს და მისი სამწვრთნელო შტაბის გათავისუფლება ძვირი დაუჯდათ.
ანგარიშის მიხედვით “წითელმა ეშმაკებმა” პორტუგალიელ სპეციალისტსა და მის ასისტენტებს კომპენსაციის სახით 20 მილიონი ფუნტი გადაუხადეს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა.
შარშანდელთან შედარებით “იუნაიტედი” პროგრესის გზაზეა. სატელევიზიო ტრანსლაციების გაყიდვიდან გუნდმა 2018 წლის მეოთხე კვარტალში 103.7 მილიონი ფუნტი მიიღო. კომერციულმა შემოსავალმა 65.9 მილიონი ფუნტი შეადგინა. გაყიდული ბილეთების შედეგად კი მანჩესტერელები 39 მილიონით გამდიდრდნენ.
“წითელი ეშმაკების” ბოსები ვარაუდობენ, რომ წლიური შემოსავალი 615 და 630 მილიონ ფუნტს შორის იქნება. “იუნაიტედში” არსებულ ფინანსურ მდგომარეობას კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ედ ვუდვორდი, გამოეხმაურა და განაცხადა: “ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნამ გუნდზე დადებითად იმოქმედა. დეკემბრის შემდეგ მიღწეული შედეგებით კმაყოფილები ვართ”.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი სპეციალისტისთვის გუნდის ჩაბარების გარდა “წითელმა ეშმაკებმა” კონტრაქტი ენტონი მარსიალთან, ეშლი იანგთან, კრის სმოლინგთან და ფილ ჯონსთან გაახანგრძლივეს.