ლევან კობიაშვილი: “ვეცდები, საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო”

0
52

15 თებერვალს სასტუმრო “ჰუალინგში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელზეც ერთადერთი კანდიდატია წარდგენილი – ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელო ლევან კობიაშვილი.

სასტუმრო “რუმსში” კობიაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირთან, ვიცე-პრეზიდენტებთან – კახა ჭუმბურიძესთან, ალექსანდრე იაშვილთან, ნიკა ჯღარკავასთან, ასევე ტექნიკურ დირექტორ ზაზა ზამთარაძესთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდა და დასმულ კითხვებს უპასუხა.

ლევან კობიაშვილი: “მომავალი არჩევნების წინ არანაკლებად ვარ მოტივირებული, ვიდრე ოთხი წლით ადრე ვიყავი. ეს სფერო ჩემთვის მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვეცდები საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო”.

-რა ვითარებაა რუსთავის აკადემიაში, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა?

-ზოგიერთებისთვის ცოტა გაურკვეველია ფეხბურთის ფედერაციას აკადემია რატომ აქვს, რადგან მსგავსი რამ სულ რამდენიმე ქვეყანაშია. გეტყვით, რომ თავის დროზე ეს უეფას პროგრამა იყო, რომელიც 5 ქვეყანაში განხორციელდა და ერთ-ერთი საქართველოა. თუმცა, უეფას ამ პროექტს აღარ აფინანსებს. ამის მიუხედავად, ჩვენ აკადემიებზე უარს არ ვამბობთ და სხვა რეგიონებშიც გავხსნით. შესაძლოა, ისინი არ იყოს იმ მასშტაბის როგორიც რუსთავშია, მაგრამ ჩვენი მიზანია მსგავსი აკადემიები მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდეს.

რუსთავის აკადემიას ალექსანდრე იაშვილი ხელმძღვანელობს, იქ სამი ასაკობრივი ჯგუფი ვარჯიშობს. ბავშვები აკადემიაში ცხოვრობენ, სწავლობენ, უცხო ენებსაც ეუფლებიან. საერთო ჯამში, რუსთავის, ლაგიდეხისა და ზუგდიდის აკადემიებში 150-დან 200 ბავშვამდე ირიცხება. ლაგოდეხსა და ზუგდიდში ორ-ორი ასაკობრივი გუნდია.

-საქართველომ 2020 წელს 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. ამისთვის რამდენად მზად ხართ?

-არავის აქვს უფლება გოგონებს ფეხბურთის თამაში აუკრძალოს. მე ვარ გარანტი, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარებას ხელს შევუწყობ. გასაკვირია, რომ ბიჭებში ვერ მოვახერხეთ ელიტ-რაუნდში გასვლა და გოგონებში გავედით. ცხადია, ეს წინსვლაა, მაგრამ საკმარისი არაა. ქალთა შორის ჩემპიონატი ტარდება, ჩვენც შეძლებისდაგვარად ვეხმარებით და როგორც იტყვიან, პირველი ნაბიჯი გადავდგით. აქტუალური პრობლემაა ცალკე მოედნების არქონა ქალთა ჩემპიონატის ჩასატარებლად. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას, ამის გამოცდილება გვაქვს და ვეცდებით საუკეთესოდ ჩავატაროთ.

-რაა მიზეზი, რომ პრეზიდენტობის ვადის 8-9 თვე დაიკელით?

-თქვენს მოსაზრებას ვადის დაკლებასთან დაკავშირებით არ დავეთანხმები. მომავალი არჩევნები წესდების დაცვით დაინიშნა.

-როდესაც პირველად კენჭს იყრიდით თქვით, რომ ქართული ფეხბურთის ბედს ფედერაციის მხოლოდ 34 სუბიექტი არ უნდა წყვეტდეს. ახლა ფედერაციაში 30 სუბიექტია და ახალ პრეზიდენტს 29 აირჩევს. ასე რატომ მოხდა?

დღესაც ვამბობ, რომ 34 სუბიექტი არ უნდა წყვეტდეს ქართული ფეხბურთის ბედს და კარგი იქნება თუ არჩევნებში უფრო მეტი სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას. მე არავის ვეწინააღმდეგები, მაგრამ სუბიექტებს ხელოვნურად ვერ დავამატებ. ვერავინ დამისახელებს მაგალითს, რომ ამ ხნის განმავლობაში ვინმე ფედერაციის სუბიექტად გახდომის სურვილი გამოთქვა და უარი ვუთხარი.

30 სუბიექტი იმიტომ დარჩა, რომ ის 4 ხელოვნურად იყო შექმნილი და უფლება-მოვალეობა შეუწყდათ, ერთადერთი ვინც სურვილი გამოთქვა, რომ ფედერაციის სუბიექტად დარეგისტრირდეს საფეხბურთო კლუბი “საბურთალოა”, მაგრამ ეს მხოლოდ პირადი საუბრის დონეზე იყო. ლოგიკურია, რომ ამ კლუბს ასეთი ამბიცია ჰქონდეს. მოყვარულთა ლიგას სურვილი აქვს, რომ ფედერაციის სუბიექტი გახდეს და ეს ორგანიზაცია ამას იმსახურებს. ზოგადად ყველაზე სწორი იქნება პროფესიული ფეხბურთის ლიგა დაფუნძდეს, რომელიც ფედერაციის სუბიექტად დარეგისტრიდება და არჩევნებზე თავისი ქვოტა ექნება.

-რა ხდება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რომელშიც ფეხბურთის ფედერაციაა ჩართული?

-ზუგდიდი სტადიონი ყველაზე კარგი მაგალითია საქმე როგორ არ უნდა გაკეთდეს და ბათუმის სტადიონი პირიქით როგორ უნდა გაკეთდეს. ზუგდიდის სტადიონი მაგალითია, როდესაც მშენებლობას ისე გეგმავენ, აზრს პროფესიონალებს არ ეკითხებიან. ბათუმში კი, ყველა საკითხში მაქსიმალურად ჩართული ვიყავით. წელს ფეხბურთის ფედერაცის მინდვრის საფარს სამ ქალაქში დააგებს – ქუთაისში, საჩხერესა და რუსთავში. ჩვენ საფარის შეცვლის პასუხისმგებლობას მაშინ ვიღებთ, როდესაც ვხედავთ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მზად არიან თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღონ. სამტრედიაში საფარი კი შეცვალეთ, მაგრამ სამწუხაროდ დანარჩენის თაობაზე ადგილზე ამ საქმის კურატორებს ვერ გავაგებინეთ რაა მათი პასუხისმგებლობა. დაგვპირდნენ, რომ გასახდელების პრობლემას და კიდევ რაღაც საკითხებს მოაგვარებენ. ფოთში დავიწყეთ ბავშვთა ფეხბურთის პროექტი და ანალოგიურს თბილისშიც ვაპირებთ. საერთოდ, მოედნების დაგებაა ფედერაციის საქმე არაა, თუმცა საქართველოში სხვა რეალობაა.

კახა ჭუმბურიძე: “ლევანის პრეზიდენტობის დროს ანგისაში ბაზა გაკეთდა, ბათუმში სტადიონი შენდება, ქობულეთში სტადიონის საფარი გამოიცვალა და სავარჯიშო მოედანი გაკეთდა, ფოთის სტადიონი კეთდება, მარტვილში აკადემია გაიხსნა, წყალტუბოში გაკეთდა სტადიონი, ამბროლაურში ორი სტადიონი გაკეთდა, საფეხბურთო კლუბ “სპაერის” სტადიონი აშენდა. საგარეჯოში მოედანი გაკეთდა, პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი გაკეთდა. შეიქმნა ბავშთა რეგიონალური ნაკრებები.

აღმასკომმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საკომპენსაციო თანხის ასაკი 10 წლამდე ჩამოიწია. როდესაც ფეხბურთელი პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებს, კომპენსაციის თანხის ვადის ათვლა, რომელიც მისმა აღმზრდელმა სკოლამ უნდა მიიღოს 10 წლიდან დაიწყება. თუ სკოლა კომპენსაციას არ მოითხოვს, მაშინ ამას ფედერაცია გააკეთებს. საქართველოს მასშტაბით ყველა საფეხბურთო სკოლა აღვრიცხეთ და მათი კატეგორიზაცია მოხდა. შარშან დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად სკოლების ფინანსურად დავეხმარეთ. წელს შევამოწმებთ ეს თანხა როგორ დახარჯეს “.

-სულაქველიძის აკადემიაში მოედნის საფარის გამოცვლა რა დაჯდა?

კობიაშვილი: “ის რაც გაკეთდა, მე სათამაშოდ ნამდვილად არ მჭირდება. ჩემი უკვე ვითამაშე. მთავარი შევქმნათ ინფრასტრუქტურა, რომელიც ქართულ ფეხბურთს გამოადგება. სულაქველიძის აკადემიაში დრენაჟი გავაკეთეთ და ხელოვნურსაფარიანი მოედანი დავაგეთ”.

-2016, 2017, 2018 წლებში ფეხბურთის ფედერაციამ ხელფასების სახით გასცა 32 მილიონ ლარზე მეტი. ამ ნაკრებების მწვრთნელების ხელფასები თუ შედის?

-ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ყოველ წელს მტკიცდება ბიუჯეტი და პროცესი გამჭვირვალეა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს თანხა მხოლოდ იმ ადამიანებზე გაიცა, ვინც ფეხბურთის ფედერაციის შენობაში მუშაობს ცდება. ამ თანხაში შედის ყველაზე ნაკრების მწვრთნელების ხელფასების, მსაჯების ანაზღაურება, სტიუარდების ხელფასები, მომსახურე პერსონალის ხელფასები და ა.შ. როგორც იცით პეტრიაშვილის სახელობის არენა და რუსთავის აკადემია დაგვემატა, რაც კიდევ დამატებითი ხარჯია, რადგან იქ მომუშავე პერსონალზე ხელფასი გაიცემა. მე თავად ფედერაციაში ხელფასს არ ვიღებ.

-რამდენად ხარისხიანი მოედნების საფარი, რომელსაც აგებთ? საფარი საქართველოშია დამზადებული თუ საზღვარგარეთიდან შემოგაქვთ?

– რაც არ უნდა კარგი საფარი დააგო თუ არ მოუარე მაინც გაფუჭდება. ჩვენ სტადიონების საფარის მომვლელი პერსონალის გადამზადებასაც ვახდენთ. ასევე, სადაც დავაგეთ საფარი შესაბამისი ტექნიკით ვუზრუნველყოფთ, რომ მოუარონ. მანამდე რაც დაიგო ქართული ბალახი იყო, მაგრამ ამ კომპანიას ფიზიკურად აღარ აქვს საფარი რომ მოგავწოდოს და იმ სამი სტადიონისთვის რაც ვახსენე შემოტანა საზღვარგარეთიდან მოგვიწევს.

-შესარჩევ ტურნირებში ასაკობრივი ნაკრებების თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?

-შედეგით კმაყოფილი არ ვარ. თუმცა, მნიშვნელოვანია რა ცვლილებებიც განვახორციელეთ. შევქმენით 15-წლამდელთა, 16-წლამდელთა,  18-წლამდელთა და 20-წლამდელთა ნაკრებები. ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელების როტაცია ხდება. ყველა ფეხბურთელი ვისაც ასაკობრივ ნაკრებში ერთხელ მაინც უთამაშია, ელექტრონულ ბაზაში შევიყვანეთ. გასულ წელს ასაკობრივმა ნაკრებებმა 70-ზე მეტი ამხანაგურ მატჩი ჩაატარეს, რაც მანამდე არ მომხდარა.

– ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი რამდენად საკმარის დროს ატარებს საქართველოში, რომ ადგილობრიც ფეხბურთელებს დააკვირდეს. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ის უფრო მეტად უნდა იყოს ადგილობრიც ფეხბურთში ჩართული?

– გიდასტურებთ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს. ვაისი, როდესაც საქართველოშია ეროვნული ლიგის თამაშებს ხშირად ესწრება. გარდა ამისა, ის ასევე ნაკრებში მოთამაშე ლეგიონერების მატჩებსაც ესწრება. მას ადგილობრივ ფეხბურთელებზე ინფორმაცია აქვს.

-ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების წარმატების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციასთან პარტნიორობის მსურველთა რიცხვი ხომ არ გაიზარდა?

-ვისურვებდით მეტი პარტნიორი გვყავდეს. თუმცა, ჩვენთან ეს საკითხი ცოტა უფრო რთულადაა, რადგან მარკეტინგული უფლებები უეფას აქვს. ელემენტარულად სპონსორს ნაკრების მაისურზე თავისი ლოგოს დატანა არ შეუძლია. საგანმანათლებო კუთხით გვყავს პარტნიორები და მიმაჩნია, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ.

– ფეხბურთის განვითარების ფონდმა თავისი ფუნქცია თუ შეასრულა? ზოგიერთი კლუბის შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათი პრეზიდენტები ინვესტიციის მოსაზიდად არაფერს აკეთებენ და მხოლოდ ფონდის ფულზე არიან “ჩამოკიდებული’?

-ფონდის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად, ცხადია უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, რაც მანამდე გვქონდა. თუმცა, ეს საკმარისი არაა და ბუნებრივია, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ჩვენი მთავარი გამოწვევა სპონსორების მოზიდვაა. ძლიერი პარტნიორები გვჭირდება, ერთი-ორ ძლიერ პარტნიორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მეტის მოლოდინი მაქვს. ასეთ საკითხებში გულშემატკივრებიც უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ, რომ კლუბებს მეტი მოთხოვონ. ახლა მიმდინარეობს საუბარი და კიდევ 2-3 კლუბი კერძო გახდება, მაგრამ მარტო განკერძოება საქმეს არ შველის. საერთოდ მომხრე ვარ, რომ არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია, სპორტის სხვა სახეობებშიც ფედერაციები სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული არ იყვნენ. სხვათა შორის, შარშან სახელმწიფოსგან უფრო ნაკლები თანხა მოვითხოვეთ, ვიდრე მანამდე. წელსაც ნაკლებს მოვითხოვთ, რომ ბიუჯეტს ნაკლებად “დავაწვეთ”. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ფედერაციას სხვა ფედერაციებთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხა შეაქვს.

-არჩევნების შემდეგ თქვენს გუნდში ცვლილებებს თუ გეგმავთ?

-თავად შესაძლოა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი არ ვიყავი, მაგრამ გუნდური მოთამაშე გახლდით. ახლაც ამ გუნდურობის მომხრე ვარ. იმ ადამიანებს, ვინც ჩემს გუნდშია, ყველას თავისი მიმართულება აქვს ჩაბარებული. ასე რომ ცვლილებას არ ვაპირებ. არც აღმასკომში იქნება ცვლილებები.

-საზღვარგარეთ არაერთი ქართული გვარის მქონე ფეხბურთელი თამაშობს, ერთ-ერთი მათგანი გიორგი წიტაიშვილია. თუ აპირებთ საქართველოს ნაკრებში მის მიწვევას?

-გახსოვთ, რომ თავის დროზე ჯიქიასთან გვქონდა საუბარი და შევხდით კიდეც, მაგრამ მან თავისი არჩევანი გააკეთა. წიტაიშვილის მამას ვესაუბრეთ. თუმცა, აქ არსებობს პრობლემა, რომლიც გადაჭრაზეც ფიფასთან კონსულტაცია მიმდინარეობს, სწორედ ეს პრობლემა შეიქმნა ბექა ვაჩიბერაძისა და ზაურ მახარაძის შემთხვევაში. კერძოდ, ფიფას წესდების თანახმად თუ ფეხბურთელს რომელიმე ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები აქვს და იმ დროს, მხოლოდ ერთი ქვეყნის პასპორტი ჰქონდა, მისი სხვა ქვეყნის ნაკრებში მიწვევა პრობლემაა. ვთქვათ, ზემოთ ნახსენებ ფეხბურთელებს ორმაგი მოქალაქეობა რომ ჰქონოდათ, მაშინ საქართველოს ნაკრებში მათი მიწვევა პრობლემა არ იქნებოდა. ასეთივე ვითარებაა წიტაიშვილთან დაკავშირებით და ვცდილობთ ფიფასთან ამ კუთხით ვიმუშავოთ. ჩვენ პოზიციას იმით ვასაბუთებთ, რომ საქართველოს კანონდმებლობა გამონაკლისების შემთხვევაში ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს.