ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგა. პორტუგალიელ სუპერვარსკლავს ესპანელი პროკურორები გადასახადების დამალვას ედავებოდნენ.
33 წლის შემტევმა დანაშაული აღიარა და 18.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. რონალდუს თავისუფლების 23 თვით აღკვეთაც შეეფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონი პირველად დაარღვია და თან არაძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა, ციხეში დროის გატარება არ ემუქრება.
სხდომა 40 წუთს გაგრძელდა. მოსამართლეს საკუთარი პოზიცია ორივე მხარემ წარუდგინა და საბოლოო გადაწყვეტილება დღის ბოლოს გასაჯაროვდა. პორტუგალიელი მოთამაშის ადვოკატებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს, მაგრამ სასამართლომ არცერთი დააკმაყოფილა. მათ სურდათ სხდომაზე ვიდეოთი ჩართვაზე და სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით მისვლის საკითხზე თანხმობა მიეღოთ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.
თავდაპირველად რონალდუს 14.7 მილიონი ევროს დამალვას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა 5.7 მილიონ ევრომდე შემცირდა. შეთანხმების წყალობით, რომელიც რონალდუს ადვოკატებსა და პროკურორებს შორის შედგა, პორტუგალიელმა თავიდან სერიოზული პრობლემები აირიდა.