საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ლევან კობიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. ამ დროისთვის, ლევან კობიაშვილის კანდიდატურა სფფ-ში ფეხბურთის ფედერაციის 27-მა სუბიექტმა წარადგინა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია 21 იანვრის ჩათვლით გრძელდება. ამ დრომდე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად მხოლოდ ლევან კობიაშვილს აქვს წარდგენილი.
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 15 თებერვალს სფფ-ის ყრილობაზე აირჩევენ . გამარჯვებული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს. ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა სასტუმრო “ჰუალინგში” გაიმართება.
“დღეს უკვე ოფიციალურად შევიტანე განაცხადი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ და არანაკლებ, მოტივირებული ვარ ვიდრე ეს პირველ ჯერზე იყო.
პირველ რიგში, ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ წარმდგენს, რომელთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია. მათ კიდევ ერთხელ დამიჭირეს მხარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდთან და სრულიად საფეხბურთო სამყაროთან ერთად საზოგადოებას ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ. როგორც ჩემი ისე საერთო ინტერესია, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ პოზიტიურად და შევქმნათ საუკეთესო მომავალი.
ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამხელა მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს პასუხისმგებლობა სრულად გააზრებული მაქვს. თუ კიდევ ერთხელ მომეცემა იმის საშუალება, რომ ვუხელმძღვანელო ჩემთვის საყვარელ სფეროს ეს ძალიან დიდი პატივი იქნება.” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
“28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2019 წლის რიგით ყრილობის თარიღად 15 თებერვალი განსაზღვრა. ამასთან ერთად არის საარჩევნო წელი და აირჩვიან აღმასკომის წევრები მომდევნო ოთხი წლის ვადით.
პრეზიდენტობის კანდიდატურად რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღეა დარჩენილი და ამ დროისთვის სფფ-ის 30 წევრიდან 27-მა შემოიტანა განაცხადი. და ყველა მათგანი მხარს ლევან კობიაშვილს უჭერს. რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მედია საშუალებებსა და საზოგადოებას უკვე დასრულებული პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.” – დავით მუჯირი.