უეინ რუნი ამერიკაში დააკავეს

0
37

ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, უეინ რუნის ამერიკელ სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა.

რუნი ვაშინგტონის პოლიციამ დააკავა. შემთხვევა გასული წლის 16 დეკემბერს მოხდა, თუმცა, აქამდე არ ხმაურდებოდა.

ინგლისელი ფორვარდი აეროპორტში იყო, ალკოჰოლური სასმელი მიიღო, რის შემდეგაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და იქ მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცავებმა ფეხბურთელი ადგილზევე დააკავეს, თუმცა შემდეგ რუნიმ 25 დოლარი გადაიხადა და მალევე გაათავისუფლეს.

ცნობილია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. რუნის სასჯელს სავარაუდოდ იანვრის ბოლოს გამოუტანენ.

შეგახსენებთ, რომ უეინი ამჟამად “DC იუნაიტედის” ღირსებას იცავს. ამერიკულ გუნდს იგი 2018 წლის ზაფხულში “ევერტონიდან” შეუერთდა. სეზონში რუნიმ 21 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

33 წლის თავდამსხმელი როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის”, ასევე ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. “იუნაიტედის” რიგებში მან 253 გოლი გაიტანა, ხოლო ეროვნული გუნდის მაისურით მეტოქეთა კარი 53-ჯერ აიღო.