ლევან მაისაშვილი: “ეროვნულმა ნაკრებმა კარგი შევსება მიიღო”

0
46
42 წლის ქართველი სპეციალისტი ლევან მაისაშვილი, წლებია საქართველოს ნაკრების სტრუქტურაში (ასაკობრივი, „ა“ და „მზარდი“ ნაკრებები) მოღვაწეობს, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ კი, ბორჯღალოსნების დაცვის თამაშის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.
2018 წლის ნოემბრის, თიბისი რაგბის სერიებში, ჩვენი გუნდი მატჩიდან მატჩამდე და თითოეული შეხვედრის მსვლელობისას აუმჯობესებდა დაცვაში თამაშს. შედეგად, იტალიასთან დასკვნითი 23, სამოასთან 50 და ტონგასთან 45 წუთის განმავლობაში ქულა არ მიგვიღია. გთავაზობთ ინტერვიუს ლევან მაისაშვილთან.

თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩი იტალიასთან გვქონდა, გუნდთან, რომელთან თამაშსაც დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით და ველოდით. რას გვეტყვით ამ შეხვედრის შესახებ, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?

იტალიასთან თამაშს სამწვრთნელო შტაბი, მოთამაშეები, გულშემატკივრები, ყველანი მოუთმენლად ველოდით. ძალიან რთულია ყველაფრის დაგეგმვა, წინასწარ განსაზღვრა, მაგალითად იმის, რომ ტრავმების გამო ბევრი მოთამაშე დაგვაკლდებოდა. ამან ჩვენს მზადებაში გარკვეული კორექტივები შეიტანა, რადგან ძალიან რთულია მოკლე პერიოდში გუნდთან ამდენი დებიუტანტის იმ დონეზე შეთამაშება, რომ ცვლილებები არ დაგეტყოს.

იყო ის ფაქტორიც, რომ ივნისის ტესტების შემდეგ სამწვრთნელო შტაბში ახალი სპეციალისტი გვყავდა. მთლიანობაში, მრავლად იყო ისეთი მომენტები, რაც მოსამზადებლად უფრო მეტ დროს მოითხოვდა. ვისურვებდი, რომ იტალიას სხვა პირობებში შევხვედროდით..

არსებულ მდგომარეობაში, მზადების კუთხით მაქსიმუმი გავაკეთეთ, გვქონდა შეკრება საფრანგეთში და ეს მოკლე დრო რაციონალურად გამოვიყენეთ. მთლიანობაში, ამ შეხვედრისთვის ნორმალურად მოვემზადეთ და ვითამაშეთ ის, რაც უნდა გვეთამაშა. რა გამოვიდა და რა მივიღეთ, ეს უკვე სხვა საკითხია.

ბუნებრივია, შედეგით კმაყოფილი არ ვარ. ოთხი ისეთი ლელო მივიღეთ, რომელთა თავიდან არიდება შეიძლებოდა. ეს იყო ზემოთნახსენები შეუთამაშებლობის შედეგი. იტალიასთან მეორე, ან მესამე თამაში რომ გვქონოდა, გაცილებით უკეთესი ხარისხი და შედეგი გვექნებოდა. მწვრთნელებს გვქონდა შეგრძნება, მათთან კიდევ ერთხელ თამაშის შესაძლებლობა რომ გვქონოდა, ბევრი რამის გამოსწორება შეიძლებოდა.

მართალია აუტსაიდერია, მაგრამ იტალია მაინც ექვსი ერის, პირველი დონის სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელია. რამდენად შევძელით მათი სათამაშო ტემპზე აყოლა, განსაკუთრებით დაცვაში?

აი აქ, ჩემი აზრით, პრობლემა ნამდვილად არ გვქონია. ნოემბრის ტესტებს გუნდი ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში შეხვდა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ეპიზოდში მეტოქის ტემპს ვერ ავყევით. შემიძლია დეტალურად გავიხსენო ოთხივე ლელო: ორჯერ მოლში ძალისმიერი თამაში დავთმეთ და ფლანგზე მეტობა გაგვიკეთეს, იყო ინდივიდუალური და სისტემური შეცდომები, რომლის მსგავსი შემდგომ შეხვედრებში აღარ გაგვიმეორებია. ჩვენ გვქონია თამაშები, როდესაც მეტოქეს ტემპში ვერ ავყევით, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ იყო და იტალიამ სისწრაფეებში ნამდვილად ვერ გვაჯობა, პირიქით, შეტევაში გვქონდა მომენტები, როდესაც მეტოქეს თავს ჩვენი თამაში მოვახვიეთ. ყველაზე პრობლემატური ისაა, რომ ჩვენ ამ ტიპის თამაშების ნაკლებობას განვიცდით. იტალია მთელი წლის განმავლობაში თავისზე მაღალი დონის გუნდებს ეთამაშება, ჩვენ კი ამის ფუფუნება წელიწადში სულ ორჯერ გვეძლევა.

რა მოხდა სამოასთან პირველ 30 წუთში, როდესაც მეტოქისგან სამი უპასუხო ლელო მივიღეთ?

თანამედროვე რაგბში, ტაქტიკურად ორ რამეს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა – ბურთის ფლობა და ტერიტორია. თუ შევხედავთ სამოასთან მატჩის სტატისტიკას, მესამე ლელოს მიღების მომენტში ბურთის ფლობა 75/25-ზე იყო მეტოქის სასარგებლოდ. ასეთი დონის გუნდს, ამდენი ხნის განმავლობაში ბურთს თუ მისცემ, ნებისმიერს გაუჭირდება მასთან თამაში. ამას თავის გასამართლებლად არ ვამბობ, რადგან მაინც შეგვეძლო სამივესი თუ არა, მინიმუმ ერთი ლელოს არიდება. როდესაც ბურთი გვქონდა შეცდომებს ვუშვებდით, მეტოქის ნახევარზე ვერ გადავდიოდით და სამოამ შეძლო თავისი თამაშის თავზე მოხვევა.

თიბისი რაგბის სერიების სამივე ტესტს თუ გავიხსენებთ, მეტოქეებს პირველ ტაიმში ჩვენზე მეტხანს ჰქონდათ ბურთი. რისგან იყო ეს განპირობებული?

ასე მოხდა და მიზეზი ჩვენი, მწვრთნელების საძიებელია. როდესაც მოწინააღმდეგეს ბურთი დიდი ხნით აქვს, ქულების გაკეთების შანსიც უჩნდება. მათ იმიტომ ჰქონდათ ბურთი, რომ ვუშვებდით შეცდომებს, გვქონდა ტექნიკური წუნი. პირველ ტაიმში მეტოქეები დომინირებდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ ვახერხებდით სისტემაში ჩაჯდომას და ჩვენი თამაშის დაბრუნებას.

როდესაც სამოასთან ანგარიში 3:19 გახდა, ფიქრობდით, რომ თამაშის შემობრუნებას მოვახერხებდით?

გასახდელში რომ ჩავედით, მოთამაშეებს და სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრს, ყველას გვჯეროდა, რომ ამ თამაშის შემოტრიალება შეგვეძლო და ეს არ იყო მხოლოდ ემოციაზე დაფუძნებული განცდა. პირველ ტაიმში არ გვქონდა იმის გაკეთების შესაძლებლობა, რაზეც მანამდე ვიმუშავეთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. შესვენებისას იყო კონკრეტული მესიჯები, უნდა გვეთამაშა ძალისმიერადაც და ტექნიკურადაც, რაც მოვახერხეთ კიდეც: დავიჭირეთ ბურთი, რამაც თავდაჯერებულობა შეგვმატა დაცვაშიც, აღარ დავუშვით შეცდომები და ამან განაპირობა ჩვენი გამარჯვება.

ამას დავამატებდი ფიზიკურ კონდიციებს, რაზეც ზევითაც ვისაუბრე. ნოემბრის ტესტებისთვის ფიზიკურად ძალიან კარგად ვიყავით მომზადებული – იტალიასთან, სამოასთან და ტონგასთან, თამაშის დასასრულისთვის გაცილებით კარგ მდგომარეობაში ვიყავით, ვიდრე მოწინააღმდეგე. ეს შეცვლებმაც განაპირობა, რომლებიც სრულფასოვნად შედიოდნენ მოედანზე და თამაშში საჭირო მუხტი შეჰქონდათ.  ეს სწორედ ისაა, რისკენაც მივდივართ. თუ გვინდა, რომ პირველი დონის გუნდები დავამარცხოთ, 23-ივე მოთამაშე უნდა იყოს კომპეტენტური და სრულფასოვანი!

სამოასთან მატჩის შემოტრიალება იყო რთული, თუმცა შესაძლებელი და მსგავსი შეხვედრები თავდაჯერებულობას გვმატებს როგორც მწვრთნელებს, ასევე მოთამაშეებს.

დღესდღეისობით ტონგა სამოაზე ძლიერი გუნდია, თუმცა მასთან ლელო აღარ გავუშვით. რამ განაპირობა ჩვენი დაცვის გაცილებით უკეთესი თამაში, რა შეცვალეთ ერთკვირიან შუალედში?
ნოემბრის სამივე თამაში ერთი და იგივე დაცვითი ტაქტიკით ვითამაშეთ. იყო მცირედი ცვლილებები, თამაშიდან თამაშამდე ჩვენი შეცდომები გავითვალისწინეთ, დავხვეწეთ ინდივიდუალური თამაში, გამოვასწორეთ ბოჭვები და განვლილი შეხვედრების შეცდომების ანალიზით, მივიღეთ ის, რაც ტონგასთან ვაჩვენეთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება უფრო მეტი მაღალი დონის შეხვედრა, ტესტების წინ მოსამზადებელი თამაშები, რასაც სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ. რა თქმა უნდა, იყო განსხვავებები მეტოქის შეტევების სპეციფიკაში, თუმცა იტალიაც, სამოაც და ტონგაც ძალიან კარგად გვყავდა შესწავლილი და თუ კონკრეტულ თამაშებში რაღაც ვერ შევასრულეთ, ეს არ იყო მოულოდნელობის შედეგი. ჩვენ ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ და რა დოზითაც მოვახერხებთ მათ გათვალისწინებას, იმ დოზით ვიქნებით წარმატებულები.
ნოემბერში 4 ლელო გავუშვით იტალიისგან, 3 სამოასგან და არცერთი ტონგასგან. მთლიანობაში, კმაყოფილი ხართ დაცვაში თამაშით?
ამ სამი თამაშის ჯამში, დაცვის თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, იდეალურამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, თუმცა დარწმუნებული ვარ, როგორც კი მოგვეცემა ერთად ყოფნის მეტი შანსი, მეტი დრო დეტალების დასახვეწად, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება. პირადად მე, როგორც მწვრთნელს, ყოველთვის მაქვს განცდა, რომ რაღაც უკეთესად შეიძლებოდა და სწორედ ესაა წინსვლის საფუძველი.
ნოემბრისა და ივნისის ტესტებს თუ შევადარებთ, ზაფხულში უმეტესად დაცვიდან ვთამაშობდით და ქულების უმეტესობას მეორე ტაიმში ვუშვებდით. ივნისში მეორე ტაიმში ქულებს თითქმის არ ვიღებდით. რა მოხდა ზაფხულში და რა შეიცვალა მას შემდეგ?
აქ მთავარი ფიზიკური კონდიციებია. ნოემბერთან შედარებით, ზაფხულში ამ კუთხით ძალიან დიდი სხვაობაა. სეზონის ბოლოა და განსაკუთრებით ლეგიონერები, ვერ არიან სასურველ ფორმაში. ნაწილს პრობლემები აქვთ, გუნდის ძიებაში არიან. ზაფხულისგან განსხვავებით, ნოემბერში ყოველთვის ვახერხებთ ოპტიმალური შემადგენლობის თავმოყრას, თუ ვინმეს ტრავმა არ აწუხებს.
ნოემბერში ნაკრებში რამდენიმე დებიუტანტმა ითამაშა. რას იტყვით მათ შესახებ?
გუნდში დებიუტანტების შემოდინება ყოველთვის დადებითი პროცესია, განსაკუთრებით ორი მიზეზის გამო: ახალი სისხლი, სიახლე ყოველთვის კარგია და მეორე, იზრდება კონკურენცია და მოთამაშეებს მოდუნების საშუალება არ ეძლევათ. დებიუტანტების თამაშს ერთი სიტყვით შევაფასებ – იყო ბრწყინვალე! აბჟანდაძემ, ძნელაძემ, გოგიჩაშვილმა და გიგაშვილმა თავისი თამაშით ყველას აჩვენეს, რომ ეროვნულ ნაკრებში ღირსეული ნაბიჯი გადადგეს! ძალიან კარგი შევსება მივიღეთ.
გასაგებია, რომ ლაშა ხმალაძის 15 ნომრად გადაყვანა იძულებითი ნაბიჯი იყო. რამდენად კმაყოფილი ხართ მის ახალ ამპლუაში ხილვით?
არ ვიტყოდი, რომ ეს მისთვის უჩვეულო პოზიციაა. ჩვენ მიჩვეულები ვართ ლაშას მგეზავად ხილვას, თუმცა თუ გავიხსენებთ, 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში, მან 15 ნომერზე ითამაშა. გარდა ამისა, ერთი წლის წინ, არგენტინასთან მატჩში, ლაშამ სწორედ 15 ნომრის პოზიციიდან წამოიწყო ის ბრწყინვალე შეტევა, რომელიც ულამაზესი ლელოთი დასრულდა.
დღეს რაგბი ისეთ დონეზეა, რომ ბექები უნივერსალები უნდა იყვნენ და 10-ს თავისუფლად უნდა შეეძლოს 15-ზე თამაში. ასეთი რამ ძალიან ხშირია თანამედროვე რაგბში და ღია თამაშში ამ პოზიციის მოთამაშეებს ხშირად უწევთ ადგილების გაცვლა. არ მგონია ლაშასთვის ამას დისკომფორტი შეექმნა. ეს შესაძლოა გულშემატკივრისთვის იყო სიახლე, თუმცა ჩვენ გონებაში ყოველთვის გვქონდა მსგავსი გადაადგილება და როცა საქმე მოითხოვდა, ამას გავაკეთებდით. საქმემ ეს ნოემბერში მოითხოვა.
შემოდგომაზე სამწვრთნელო შტაბს გრეემ როუნთრი შეუერთდა. როგორ დაახასიათებთ მას და როგორ შეეწყო ის საქართველოს ნაკრებს?
ამ ადამიანის მოთამაშისა და მწვრთნელის კარიერას თუ გადავხედავთ, კითხვაზე პასუხს მივიღებთ – ის უდავოდ ძლიერი სპეციალისტია. რჩებოდა ერთადერთი დეტალი, როგორ შეეწყობოდა ქართულ ხასიათს და საქართველოს ნაკრებს, რომელიც სპეციფიური გუნდია და მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ. თუ ამ გუნდის ნაწილი არ ხარ, რაც არ უნდა ძლიერი სპეციალისტი იყო, ძალიან ძნელია მასთან მუშაობა. როუნთრიმ ყველა კითხვას პასუხი პირველივე შეხვედრაზე, ვარჯიშზე გასცა. თავისი ადამიანური თვისებებით, ის მარტივად შეეწყო მოთამაშეებსა თუ მწვრთნელებს. ყველას გვაქვს შეგრძნება, თითქოს წლებია ერთად ვმუშაობთ. მისი ხელი გუნდს ამ ტესტებზევე დაეტყო.
წინ 2019 წლის მსოფლიო თასია, სადაც უელსს, ავსტრალიას, ფიჯისა და ურუგვაის ვეთამაშებით. როგორი იქნება ამ მატჩებში ჩვენი ტაქტიკა, დაცვიდან ვითამაშებთ თუ სხვა ტაქტიკას ავირჩევთ?
ჩვენი მთავარი მიზანი ბურთის გაკონტროლება იქნება. ის რაც შეიძლება დიდხანს უნდა გვქონდეს და რა თქმა უნდა, ვითამაშოთ ძლიერი დაცვა. ეს ხანგრძლივი პროცესია. მუშაობა დაწყებულია და გენერალური რეპეტიცია რაგბი ევროპაზე გვექნება, მერე კი მსოფლიო თასის წინ, მოსამზადებელ თამაშებზე. მხოლოდ დაცვით მოგების დაგეგმვა წარმოუდგენელია, რადგან თუ ბურთს არ ფლობ, გამარჯვების შანსი მინიმალურია.
რას უნდა ველოდოთ 2019 წლის რაგბი ევროპიდან, რა იქნება ჩვენი მიზანი ამ ტურნირზე – ახალი მოთამაშეების გამოცდა, თუ ტაქტიკური სქემების დამუშავება?
ყველაფერი ერთად. ჩვენ არ ვართ განებივრებული ხარისხიანი თამაშების სიმრავლით, თუმცა ყველა მატჩი ემსახურება იმას, რომ დავხვეწოთ ხარისხი როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ვფიქრობთ, რომ შემადგენლობაში იქნება გამოცდილი და ახალი მორაგბეების ნაზავი. თუ რაიმე კითხვები დაგვრჩა, ვეცდებით ამოვწუროთ და შევკრათ გუნდი, რადგან მსოფლიო თასამდე არც ისე დიდი დრო რჩება.
აგვისტოში საქართველოს შოტლანდია ეწვევა, პირველი დონის პირველი გუნდი, რომელიც ჩვენთან ჩამოვა. როგორ აფასებთ ამ მოვლენას?
ქართული რაგბისთვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა. ამას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა, როდესაც შოტლანდიის ნაკრებს ქილმარნოქში ვეთამაშეთ. პირველად მაშინ ითქვა, რომ ისინი საქართველოში ჩამოვიდოდნენ და ეს ჩვენთვის დიდი პატივი და დაფასებაა. მსოფლიო თასის წინ ასეთი დონის გუნდთან თამაში დიდი გამოცდილებაა. მთლიანობაში, ამ სტუმრობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის შედეგზეც. არ ვამბობ, რომ შოტლანდიის, ან იტალიის დამარცხებით ექვსი ერის კარი გაიხსნება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვამტვრიოთ ამ ტურნირის კარი და ვამტკიცოთ, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია, რათა მეტი მაღალი დონის შეხვედრის ჩატარების შანსი მივიღოთ.
რა იქნება ჩვენი მიზანი მსოფლიო თასზე და რამდენად რეალურია ამ მიზნის მიღწევა?
მსოფლიო თასზე ემოციურად განსხვავებული თამაშები იქნება, ვიდრე ნებისმიერ ტესტ-მატჩში და ნებისმიერ მათგანში შეიძლება წარმატების მიღწევა. ჩვენი მიზანი მინიმუმ ორი თამაშის მოგებაა და რატომაც არა – სამისაც. ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარეები, რომელიც წელს ფიჯისთან ვერ გამოვავლინეთ და ეს გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს. ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებებიდან, რომელია უფრო რთული მოწინააღმდეგე, წინასწარ არავინ იცის. თუ გავიხსენებთ, ფიჯი მსოფლიოზე ერთ თამაშს ყოველთვის მაღალ დონეზე ატარებს და როდის მოხდება ეს, წინასწარ ვერავინ იტყვის. ჩვენ ამ სამივე თამაშში მაქსიმუმს ვეცდებით და რა გამოვა, იაპონიაში ვნახავთ.