ჩემპიონთა ლიგა – სამერვედფინალე კენჭისყრის რეაქცია

0
191

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა ნიონში გამართულ წილისყრაზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მისი გუნდის მეტოქე გაირკვა.
“ბებერი ქალბატონი” მადრიდის “ატლეტიკოს” 20 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება, 12 მარტს კი საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
“ვისაც ამბიცია აქვს, მას არ ეშინია”, – დაწერა იტალიელმა სპეციალისტმა ტვიტერში.
წილისყრაზე უფრო ვრცელი კომენტარი იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა გააკეთა, რომელმაც მეტოქეს მაღალი შეფასება მისცა.
“არ გაგვიმართლა. “ატლეტიკო” არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაში ძნელია. ის უფრო მეტად იტალიური გუნდია, ვიდრე – ევროპული. მეტოქე ძლიერი დაცვით გამოირჩევა, რომელმაც იცის, საჭირო დროს როგორ განახორციელოს კონტრშეტევა გრიზმანისა თუ სხვა ფეხბურთელების მეშვეობით. ველოდები ორ თანაბარ თამაშს, გოლების მცირე რაოდენობით. რთული მეტოქე გვერგო, მაგრამ ეს პრობლემა არაა.
კრიშტიანუ ხომ ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთელია? დიახ, მაგრამ ჩვენ მთლიანობაში გვყავს ძლიერი გუნდი და გვაძლევს რწმენას, რომ საბოლოო შედეგი საჩვენო იქნება”, – აქვეყნებს ნედვედის ნათქვამს “იუვენტუსის” პრესსამსახური.

ინგლისური “ლივერპულის” მეტოქე მიუნხენის “ბაიერნი” იქნება, რომელსაც “წითლების” დამრიგებელი კარგად იცნობს და მათთან ჩემპიონთა ლიგის ფინალიც კი აქვს წაგებული.
იურგენ კლოპის თქმით, “ბაიერნი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ის ბუნდესლიგას ყველაზე კარგად იცნობს.
“კარგი, მაგრამ რთული მეტოქეა. ჩემთვის გერმანიაში დაბრუნება შესანიშნავია. მატჩისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო გვაქვს და იმედია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელად იქნება. ეს “ბაიერნი” განსხვავდება იმ გუნდისგან, რომელსაც მე ვეთამაშებოდი. აქ სამი წელია ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ატმოსფერო, სტადიონი შესანიშნავი იქნება. “ბაიერნის” დომინაცია გერმანული ფეხბურთის აღმასვლის ხანას დაემთხვა. ის დიდი კლუბია, მაგრამ ფაქტია, რომ მე ბუნდესლიგას ყველა ქვეყნის ლიგაზე უკეთესად ვიცნობ. მოუთმენლად ველოდები ამ მატჩებს” – განაცხადა იურგენ კლოპმა “ლივერპულის”ოფიციალურ გვერდთან საუბრისას.

“ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გააკეთა კომენტარი, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ლივერპული” შეხვდება.
“მაგარი მატჩები გველის, რომელთაც მოუთმენლად ველით. ყველაზე რთული მეტოქე შეგვხდა. გასულ სეზონში ტურნირის ფინალში გავიდნენ, ახლა კი პრემიერლიგას ლიდერობენ.
ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. თუმცა, ჩვენ “ბაიერნი” ვართ, დარწმუნებული ვარ, “ლივერპულს” ესმის, რა მნიშვნელობა აქვს განმეორებითი მატჩის მიუნხენში ჩატარებას.
ვნახოთ რა გამოვა. მეოთხედფინალში გასვლაში დარწმუნებული ვარ”, – ციტირებს კოვაჩს კლუბის ვებსაიტი.

ფრანჩესკო ტოტი (“რომას” დირექტორი): შესაძლო ვარიანტებს თუ გავითვალისწინებთ, “პორტუ” ყველაზე მისაღები იყო. თუმცა მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. რომას საუკეთესო პერიოდი არ უდგას, მაგრამ თებერვლამდე საკმაო დროა და სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ.

თომას ტუხელი (პსჟ–ის მწვრთნელი): ამ სტადიაზე ურთულესი მატჩებია. “მანჩესტერ იუნაიტედს” დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ჩვენ “ოლდ ტრაფორდზე” მოგება შეგვიძლია. ჩემი გუნდის მჯერა. ვერ ვიტყვი, რომ წილისყრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არც უკმაყოფილო გახლავართ.

ერნესტო ვალვერდე (“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი): “როდესაც “ლიონის” ფეხბურთელები თავისუფალ სივრცეს პოულობენ მანევრისთვის, ეს გუნდი სახიფათო მეტოქე ხდება. ჩვენი ოპონენტი სწრაფია და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ამიტომაც, “ბარსელონა” ფრთხილად უნდა იყოს”.

ბრუნო ჟენეზიო (“ლიონის” მწვრთნელი): “ბარსელონა” ერთ–ერთი ყველაზე რთული მეტოქეა. ორი შესანიშნავი მატჩი გველის. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ვფიქრობთ, შანსები გვექნება.

ემილიო ბუტრაგენიო (“რეალის” სპორტული დირექტორი): დიდი ისტორიის მქონე კლუბი შეგვხვდა. “აიაქსს” მნიშვნელოვანი როლი  უჭირავს მსოფლიო ფეხბურთში და ახლაც მშვენიერი გუნდია. აქვთ ახალგაზრდული ჟინი და ენერგია. თავისი ხელწერა, რასაც არასოდეს ცვლიან. ესაა ბურთის ფლობა და მოკლე პასები. ორი რთული მატჩი გველის. “აიაქსი” დიდად მოტივირებული იქნება იმ გუნდის მიმართ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ თავდაჯერება უნდა შევინარჩუნოთ. ვეცდებით, სტუმრადვე სასურველი შედეგი მივიღოთ.