ქართული ფეხბურთის გამყინვარების პერიოდი, იმედია, დასასრულს მიუახლოვდა და ყინული დაიძრა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უეფას „ერთა ლიგის“ ახალმა პროექტმა სულზე მოუსწრო და მანამდე უნუგეშო ქართველ გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა.
საქმე მარტო „ერთა ლიგის“ D ჯგუფის ლიდერობაში და გოლგაუშვებლად ოთხ თამაშში დაგროვილ 12 ქულაში არაა. ყველაზე უფრო დამაიმედებელი მატჩიდან მატჩამდე ჩვენი ნაკრების სულ უფრო უკეთესი თამაშის ხარისხია. ქომაგი ხომ აგრერიგად დანატრებულია გამარჯვებებს და ჩვენი ფეხბურთელებიდან მოგვრილ სიხარულს. ნაკრების თამაშის ხელწერა ბოლო შეხვედრებში იმ სტილს მოგვაგონებს, როცა გულშემატკივარს უხაროდა სტადიონზე მისვლა.
ჩვენი ნაკრების მწვრთნელს ინტერვიუში ნათქვამი აქვს ყიფიანის დროინდელი თბილისის „დინამო“ ძალიან მომწონდაო. იმ სიხარულს თუ გაგვახსენებს ეროვნული ნაკრების თამაში, ამას რა აჯობებს!..
გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი. ეს აღარაა ცალკეული ინდივიდუალისტების კრებული, უკეთ ორგანიზებულია, იგრძნობა მოთამაშეების ერთსულოვნება დასახული მიზნისთვის ბრძოლაში.
ვლადიმერ ვაისი უნდა დარჩენილიყო ნაკრების მწვრთნელად, რადგან გაიცნო და უკეთ ჩაწვდა ჩვენების მენტალობას, ინდივიდუალურად მიუდგა თითოეულ ფეხბურთელს და ეს ნაკრების ნაჩვენებ თამაშზე აისახა. ფეხბურთელები წინანდებურად მინდორზე აღარ დგანან, უფრო სწრაფად გადაადგილდებიან დაცვიდან შეტევაში და პირიქით, ერთმანეთს უკეთ აზღვევენ.
ახლა მთავარია ნაადრევად არ მივეცეთ თვითკმაყოფილებას, გაზვიადებული მოლოდინის ქვეშ არ მოვექცეთ. უნდა გვახსოვდეს, ჯერ რა დონის მეტოქეები გვყავდა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ცოტა ხნის წინ მათთანაც ვერ ვიმარჯვებდით.
ადრე სტადიონებზე მარტო გრანდების სანახავად მიდიოდა მაყურებელი, რომელმაც ახლა ლატვიის და ანდორის უსახელო გუნდებთან თამაშისას ლამის შეავსო ბორის პაიჭაძის სახელობის მრავლისმნახველი სტადიონი.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ გუნდს სიამოვნებს ამ მწვრთნელთან მუშაობა, ვლადიმერ ვაისს კი ამ გუნდთან – ლატვიასთან რიგაში თამაშის მერე სიხარული არ დაუმალავს, ეს ყველაფერი ერთად ქომაგების დამზრალ იმედს სასიკეთოდ ადგება. კარგა ხანია, რაც ნაკრები და გულშემატკივარი ასე ერთიანი არ ყოფილა.
თურმე, ჩვენც როგორ მოგვნატრებია ჩვენი ფეხბურთის გამარჯვებებზე წერა!..
გიორგი გორგოძე