ლატვიის ნაკრებთან მატჩში გიორგი ჩაკვეტაძემ იმდენად კარგად ითამაშა, რომ whoscored.com-მა უმაღლესი შეფასება – 10-იანი დაუწერა (სხვათა შორის, იმ დღეს მხოლოდ ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო ეს შეფასება ოთხივე ლიგაში). მაშინ გიორგიმ გოლი+პასს, პასების 90%-იანი სიზუსტე და 7 განხორციელებული დრიბლინგი დაუმატა.
გიორგიმ ეს თამასა კიდევ უფრო მაღლა აწია კლუბში, როცა “ოოსტენდესთან” მატჩში, რომელიც გენტმა 4:0 მოიგო და 1 გოლი 19 წლის ქართველმა გაიტანა, დრიბლინგის 12 მცდელობიდან 9 გამოუვიდა! 9 განხორციელებული დრიბლინგი სუპერშედეგია თვით პირველი კლასის ვარსკვლავებისთვისაც.
ბუნებრივია, ასეთი თამაშით გიორგიმ მედიის ყურადღება მიიქცია და ის რამდენიმე გამოცემამ ჟუპილერლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
Voetbalkrant-მა ჩაკვეტაძე გამოარჩია: “ოოსტენდესთან” მატჩში გიორგი მოედანზე საუკეთესო იყო ორივე გუნდში”.

Sportmagazine-მა ტურის ათი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა და გიორგი სიაში მეოთხე ნომრად შეიყვანა: “ქართველი ვინგერი ისე აპობდა დრიბლინგით მეტოქის დაცვას, თითქოს, საკუთარ ბაღში თამაშობდა”.
ტურის სიმბოლურში შეიყვანა გიორგი nieuwsblad.be-მაც. ჩაკვეტაძე სიმბოლურშია Unibet Belgium-ის ვერსიითაც.
