ბათუმელებმა ზედიზედ მეორედ მოიგეს, „დილამ“ უიღბლო სერია დაასრულა

0
14

ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.

მე-8 ტურში ბათუმელებმა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლეს და 2:0 გაიმარჯვეს.

შეხვედრის მე-5 წუთზე ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ჯაბა ჯიღაურის მიერ მეტოქის საჯარიმოში გაკეთებული პასის შემდეგ, გოლი თავით გაიტანა. ის ბათუმელებს სეზონის წინ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა.

53-ე წუთზე, ფანცულაია წყალტუბოელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და გიორგი ნიქაბაძე მოძებნა, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა. ნიქაბაძემ ამ სეზონში ბათუმელთა მაისურით პირველი გოლი მიითვალა.

8 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის შეგირდები 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ თბილისის „დინამოს“ ერთი ქულით ჩამორჩებიან. „სამგურალი“ 6 ქულით მე-7 პოზიციაზე.

მე-8 ტურის ბოლო შეხვედრა თელავში შედგა, სადაც ადგილობრივმა „თელავმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:2 წააგო. გორელებმა ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, ამჯერად 3 ქულა აიღეს.

შეხვედრის 32-ე წუთზე გორელებმა ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშეს და პაატა ღუდუშაურის პასის შემდეგ ირაკლი ბიძინაშვილმა ანგარიში გახსნა. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა – მე-7 ტურში თავი „საბურთალოსთან“ დაპირისპირებაში გამოიჩინა.

89-ე წუთზე ფირუზ მაგრაქველიძემ თავის საჯარიმოში თორნიკე კაპანაძე წააქცია და დაზარალებულმა მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი თავად გამოიყენა.

„დილა“ 14 ქულით მე-3 ადგილზეა. „თელავს“ მიჯრით 7 თამაშია არ მოუგია – 3 ფრე და 4 მარცხი. თელაველები 6 ქულით მე-8 ადგილზე არიან.