ილიას ზუროსმა ნაკრები ესტონეთთან და ისრაელთან მატჩებისთვის გაამზადა

0
27

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ასპარეზობას აგრძელებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები 30 ნოემბერს ტალინში ესტონეთს, ხოლო 3 დეკემბერს – თბილისში ისრაელის ნაკრებს ეთამაშება.
საქართველოს ნაკრები 23 ნოემბრიდან გაფართოებული შემადგენლობით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება. ილიას ზუროსმა ნაკრებში გამოიძახა სუპერლიგის მოთამაშეები და ლეგიონერები, რომელთაგან საბოლოოდ 12 მოთამაშეს შეარჩევს. ლეგიონერები ნაკრებს დღითი-დღე უერთდებიან და 27 აგვისტოს ზუროსის განკარგულებაში ყველა ის მოთამაშე იქნება, რომელთაგანაც ესტონეთსა და ისრაელის ნაკრებებთან სათამაშოდ შემადგენლობას დააკომპლექტებს.
საქართველოს ნაკრებმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე გამართა 2 შეხვედრა: 13 სექტემბერს თელ ავივში ისრაელს 85:80 სძლია, ხოლო 16 სექტემბერს თბილისში, ბოლო წამზე – 85:86 დამარცხდა საბერძნეთთან.
შეგახსენებთ, რომ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მოხდა ჯგუფების გაერთიანება. ანუ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი (გერმანია, სერბეთი, საქართველო) სხვა ჯგუფის 3 საუკეთესოსთან )საბერძნეთი, ისრაელი, ესტონეთი) გაერთიანდა. პირველი ეტაპზე დაგროვილი ქულები ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადმოჰყვა. შესაბამისად, აქამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტები არიან გერმანია და საბერძნეთი, რომლებსაც პირველი ეტაპიდან 6-6 გამარჯვება გადმოჰყვათ.