თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის ზედა ექვსეულში სტუმრად ლიდერ „აპოლონს“ შეხვდა და ქულა აიღო. შეხვედრის 37-ე წუთზე ანგარიში ნოვოტნიმ გახსნა და ფამაგუსტელებმა პირველი ტაიმი მოიგეს. 63-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი დაბომ გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
გარემარბი რევაზ ინჯგია მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა. „აპოლონი“ 48 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „ანორთოსისი“ 39 ქულით მეხუთეა.





